ქვისფერი


გადაღლილ სულზე შემოიცვი 
ქვისფერი პალტო.
და ფეხაკრეფით გაუყევი 
ქუჩებს დაფოთლილს.
შენ, რა ხანია, 
ქარიშხალი აღარ გაშფოთებს.
ცივი ხელებით შეციებულ ბეღურებს ათბობ.
მზის ამოსვლამდე, 
კვლავ გსტუმრობენ ლურჯი მტრედები.
მტრედებსაც ძველი /რიტუალის/ ჩვევით აპურებ.
ვეღარ იხსენებ სად დაკარგე ძოწის საყურე.
/მეხსიერების ჩვეულ ღალატს 
მშიდად ნებდები/.

ინფორმაცია. პოლიტიკა. 
/ისევ იგივე/.
კარფური.  სახლი. პედიატრი. 
ბაღი საბავშვო.
ოქტომბრის ქარი გახამებულ სარეცხს არ აშრობს.
ლექსშიც რთულდება 
უჩვეულო ტროპის მიგნება.

შავ ფანქარს ვიდრე წვერს გაუთლი, 
ხმება აკრილი.
ნათელ ფერებით ვინც ხატავდნენ 
იმათ დახატონ.
ახლა, 
ისეთი დაღლილია შენში სამყარო,
ახლა,
ისეთი უმწეო, თან,
ისე დაგცინის.

სხვისი ლექსები სულს გიმღვრევენ, 
მაგრამ შენები
გავიწყდებიან, როგორც კბილის მძაფრი ტკივილი.
გასაკვალია გზა ღმერთამდე. 
ლურჯი ბილიკი.
დასაწყებია დამსხვრეული სულის შენება.
თორემ რუტინა. რიტუალი.
კვება თევზების
ყოველ საღამოს, ყვავილებზე ზრუნვა,
მზის ჩასვლა.
ამხელა სევდა, ასე ტკბილი, 
შენ რომ იშვილე
როგორ გავსებს, მაგრამ მაინც 
როგორ გბეზრდება.

პარასკევია. ოქტომბერი. 
სამია ღამის.
მთვარე სავსეა, 
მაგრამ რუხი ფარავს ღრუბელი.
ზეცით დაღლილი შენ
მიწისკენ პირით ბრუნდები,
რადგან აქ წერა. აქ სიცოცხლე.
სიკვდილიც არ ღირს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი