ფოთლების რეკვიემი


ქარია, უტიფარი, 
ნოემბრის ბაღებში და
ხეები თავს ირთობენ 
ლიგეტის “რეკვიემით”.
ჭადარზე, სულ ბოლო, ფოთოლი აღესრულა.
ფუჭია ფოთლების ნიავთან შერკინება.

ჩვენც ასე, შეჩვეულნი 
ხორბლისფერ პანაშვიდებს,
ვდგავართ და 
ვიცდით და 
დამჭკნარი წლები გვცვივა.
დღე დღეზე მოსასვლელი 
თოვლი ვერ დაგვამშვიდებს.
ტვირთია - 
დაგროვილი მიზნების ვერმიღწევა.
ეპოქას ვეომებით მრუმეს და ეკლებიანს.
არ ვიცი, ღმერთი თუ 
სამყარო შეიშალა.
სახლები თავს ზემოთ, 
უჩუმრად, ინგრევიან. 
ბავშვები დგანან და 
სცივათ და
შიმშილობენ.

რაც მესმის ომია,
სიკვდილის ქრონიკები.
რაც მტკივა მამაა. 
დედაა. 
მშობელია.
ის, რაც მწყინს 
ლექსებად არასდროს მოგიყვები.
და მაინც
ლექსების წყურვილს ვერ მოვერიე.
რომ მახრჩობს, 
ვერთქმული, დარდების ხურჯინია.
უსამარლობას ხომ
ისედაც, ვერ მოვცილდით.
ჩვენი შემხედვარე ღმერთები მუნჯდებიან.
გვეწყება უვადო, 
ნანატრი ეგზორციზმი.

უწყვეტი ქარია ნოემბრის ცივ ბაღებში.
ფოთლები ცვივიან 
ლიგეტის “რეკვიემზე”
ვიხრჩობით. 
ვკვდებით.. და
თავიდან ვიბადებით.
მე მაინც
დამჭკნარი ფოთლები მაკვირვებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი