მანამდე სიმწიფეა ბროწეულის
. ისევ შემოდგომა. ჭადრები.. დგანან. მზეს სწირავენ ფოთლებს. როცა არც ცოცხლობ და არც კვდები, უბრალოდ დაზამთრდება. მოთოვს. მანამდე სიმწიფეა ბროწეულის. მანამდე ყურძენსაც წურავენ. მანამდე სისხლი გაქვს მოწამლული. სული ჯერ წმინდაა, თუ რამე. მერე კი, როდესაც არსად ხარ, ყველა გივიწყებს და გრიყავს. ფიქრებს გიმძიმებენ, ასმაგად, ლექსები, რომლებიც გიყვარს. /აქ, ისევ წერენ და ბეჭდავენ. აქ, ცივი ქარები ქრიან. მოჭრილ თმებს ქარები შეჭამენ. მოჭრილ თმებს სიზმრები მიაქვთ/. .. შენ კი, ჩემო კარგო ქვეყანა, როგორი მარტო ხარ. მუნჯი. ისევ გესევიან ყორნები. ღამით სისხლის გემოს სინჯავ. მოჭრილი მკლავების მაგიერ, სხეულზე გეზრდება ზამთრები. ვიღაცა საყდრებსაც დაგინგრევს. ვიღაცა იფიქრებს მთავრდები. მაგრამ ჩვენ, ნიჭი გვაქვს აღდგომის, ისეთი, შეშურდებათ ღმერთებს. თუკი უსაშველოდ დავღონდით, გულიც უსაშველოდ გვიცემს. … შენში სახლდებიან ქარიშხლები. ძალიან, ძალიან შორეულნი. /ბრალი მათ, ვისაც ავიწყდები. გზებია. ზღვებია. ბორანია. გაუშვი. გემებით. ხომალდებით. უკვე წეროებიც მიფრინავენ./ ზამთრის ქარიშხლებად მოვადნილი- სევდა, ასეთი სიფრიფანა, ფიქრებს ბასრი კუთხით ეხეთქება. სადღაც კვლავ უსმენენ ძველ სიმღერას.. ლექსებსაც უწერენ ბესლეთის ხიდს, მეწამულ ნისლად, რომ ესიზმრებათ. მეწამულ ნისლში, რომ ვისიზმრებდით.. 21.11.21
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი