შიშის ტყვე


აქ რომ ლურჯი ღამეები იცის,
ისმის ქარის 
ცივი სუნთქვა ოხვრით.
მთვარე - ჩუმი საყვედური, ზეცას 
ებჯინება ყელზე, 
როგორც ბოღმა.

ვერ ძლებს სული -
გადაღლილი ლოდი,
მიწაზე და სიმძიმეც არ უშვებს.
რას უშველი უიმედო ლოდინს.
რას უშველი გაუხედნავ შიშებს.

სისხლში როცა 
დამეწყება გვალვა,
სევდა ჰქვია მამაჩემის მზერას.
ოღონდ შენ არ შემიცივდე, მამა..
მამა, ოღონდ 
შემიცივდე შენ არ..

მე გაგილღვობ ყინვებს იანვრების.
თებერვლებსაც გადაგიქცევ მზის გზად.
ჩემი ლოცვა ლურჯი მდინარეა,
ან წაგვლეკავს, 
ან ტანჯვისგან გვიხსნის..

ეს ღიმილი დიდი შიშის ტყვეა.
ეს ღიმილი ნიღაბია დარდის.
ახლა ჩემი ხერხემალი ტყდება,
თითქოს ძვლებზე 
მწარე სევდა ბარდნის.

ქარი არხევს ალვის ხეებს და ცას
კაწრავს, როგორც 
ფიქრი კაწრავს თხელ ძვლებს.
ვიცინი და 
ჩემს ბავშვობას ვბაძავ,
უდარდელს რომ 
შემისვამდი მხრებზე.

როდის დადნა ლოლოები ჭასთან.
როდის გავხდით დიდები და მტრედებს
დაუქოლა სახურავი პაპამ,
სიცივეში, სხვენში რომ ვერ შეძვრნენ.

როდის გაქრნენ ცეზარა და თუთა.
ან ვენახში ვაზი გახმა რატომ.
შენს ტკივილზე ბაბოს როგორ ვუთხრა.
როგორ ვუთხრა 
შენს ტკივილზე ბაბოს.

სიზმრად მოვა, 
ალბათ, ღამით ისევ.
დამიჯდება, 
გამომკითხავს ამბავს.
მასთან ერთად იმედს დავისიზმრებ,
რომ დიდხანს და 
სიბერემდე მყავხარ.

მე გაგილღვობ ყინვებს იანვრების.
თებერვლებსაც 
გადაგიქცევ მზის გზად.
ჩემი ლოცვა ლურჯი მდინარეა
წაგვლეკოს, ან 
სამუდამოდ გვიხსნას..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი