ნუ გეშინია


ეს სახლი მხიბლავს.
უკარფანჯრებო..
ყველა სართული ბნელია და სულები უჩანს.
მე აქვე, სადმე.. 
ფესვმოტეხილ ხესთან დავჯდები.
სახლიც რომ ჩანს და ეს ნახშირის, დამწვარი ქუჩაც.
მოდი, დავიწყოთ პირველიდან მეცამეტემდე.
თუნდაც პირიქით..
სახლი მაინც, ყველგან სახლია.
ომის ამბების გულისამრევ ვღეჭავ ლირიკას.
ვზივარ ტყვიების შავ წვიმაში ახლა თავღია.
თითქოს ქარი ვარ..
უკარფანჯრო სახლში დავდივარ.
იქეთ.. მეცხრეზე-
ჩვილი ფშვინავს ტკბილი სიზმრებით.
აქ, მეოთხეზე.. მოხუცი სთვლემს ტელევიზორთან.
/ჩახჩახა ციდან შოკოლადის ცვივა ვაზნები,
ჩვენ სხვანაირი, 
ტკბილეულის ომი გვინდოდა/.
ეს მეექვსეა.. თუ მეშვიდე სართული, მგონი-
ორსული გოგო შეექცევა მსუყე რავიოლს.
ნეტავ, იცოდნენ რა ნამდვილებს, 
რა ცოცხლებს გვანან.
ის თუ იციან, რომ იყვნენ და 
აღარ არიან?!
სახლს, ალბათ, ჰქონდა აივანი.
ისიც ჩამოტყდა.
სახლმონგრეული აივნები ქარში მიქრიან.
შენ ცოცხალი ხარ, 
მხოლოდ სული მოკლა ამ ომმა.
და იყურები დაობლებულ ბავშვის ფიქრიდან.
ცას არ ახედო, 
იქ ვერ ნახავ თოვლის წეროებს.
ვერც ორიგამებს. 
ეს ფოლადის ბომბდამშენია.
ომის შელოცვებს ლოცვასავით გავიმეორებ.
ნუ გეშინია..
ნუ გეშინია..
ნუ გეშინია..

2022..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი