ომის ბავშვები
ყაყაჩოები იზრდებიან ომგამოვლილ ბავშვების გულში. მოკლული დედის იავნანას მღერის მზისჩასვლა. და ღმერთსაც, თითქოს, (სხვანაირი), სისხლის გემო აქვს.. შავი ცრემლებით სავსე სულში უჩანთ შიშები.. და ვერჩამდგარი ქარის ქროლვა ობოლ სახლებში. მოდიან, მაგრამ ნატყვიარი სისხლით ძლივს მოაქვთ მწარე ბავშვობა. ვერავინ უყვართ ომგამოვლილ ბავშვებს და მაინც თეთრი აქვთ სული, როგორც კანი ჯვარცმულ იესოს. ღეჭავენ ლურჯი მიწის ბალახს, ოქროს თავთავებს, დედის სუნს გრძნობენ მზის სხივებზე გამთბარ ნიავში. უღრანები აქვთ თბილ გულებში, ქვები, ლოდები.. ყაყაჩოები ყვავილობენ დაღვრილ სისხლისფრად. ტყვიის ზუზუნზე ვერჩათვლემილ ცხადში ამოჰყავთ თეთრი მზეები ოცნებების ლურჯი სიზმრიდან. თურმე, ვერასდროს იზრდებიან ომის ბავშვები. ნატკენი ხსოვნით იგონებენ მოჭრილ სამშობლოს. სულის ჭრილობებს შეხსნილი აქვს სისხლის არშია და წრფელ მზერაში მუდამ უჩანთ მკვდარი ბავშვობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი