ომზე იმღერებენ ვიღაცები


ფურცლები სცვივა, 
სიზმრად,
ცისფერ წიგნს.
ქარი სეირნობს ცის ბაღებში.
ლექსებს დაწერენ ნახშირის ირპენზე.
ომზე იმღერებენ ვიღაცები.
არა, 
ეს არ არის ალვების ქარსაცავი.
აქ ადამიანები დარგეს და..
თქვენი მომავლის დასაცავად,
ისინი ამოდიან ჯარებად.
ალვის ხეებივით ტანადები-
კაცები, 
ქალები, 
მოხუცები.
როცა ბომბებით გაავდრდება,
რთულდება მიწების შეხორცება.
მარიუპოლიდან 
ამ სპექტაკლს
ბავშვების სულები თამაშობენ.
როცა ცა სახლებს დასეტყვავს
ფოლადის ნამსხვრევებით- საათობით,
ჩვენ ვისხდეთ სარდაფში თაგვებთან.
ჩვენ ვწეროთ ლექსები ომებზე და
მშვიდობის ხიდებს რომ ააგებენ,
ომი რომ 
ომივით მობეზრდებათ,
აღდგება ქვეყანა დანაცრული,
მაგისტრალები, 
ხეივნები.
ჭირი ყოფილაო.. და ნაცარი-
ცხოვრება მახინჯი, 
ხეიბარი.
თქვენ არ დაივიწყოთ ქარსაცავი,
გრძელი, 
სწორხაზა, 
ორმწკრივი.
აქ ადამიანები დარგეს და
ფესვები სისხლით აქვთ მორწყული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი