თეთრი ნუში და მარხვები
ქარი აპრილის.. თეთრი ნუში და მარხვები. დარიანული ლექსი შუშდება ტკივილზე. ცხოვრება ერთი ტალახიანი სახრეა, შენ კი დაღლილი, უიმედობით, სიზიფე. ქარი ჩადგება.. ვისაც ველოდით არ მოვლენ. მუხლებზე ხოხვით ვეღარ მიაღწევ მშობლამდე. სადღაც ბავშვები ომების ანბანს სწავლობენ, როცა ცვივიან ციდან ვეება ბომბები. ჩვენ რომ სიზმრებში ვქსოვდით უღმერთო ქარიშხლებს, ადამიანებს მსუყე მიწაში თესავდნენ. გამოსავალი, ღმერთო, სად არის მანიშნე. რამდენი დარჩა გადარჩენების მესამდე. უკვე არ მძინავს, სიზმრებს ვკითხულობ თვალღია. ფერად სიზმრებშიც გამარჯვებამდე ომობენ. ჯერაც ვერ მივხვდი, ძაღლის თავი სად მარხია, და მეც მივყვები, ამ ჭრელ ცხოვრებას ბოლომდე. ვუსმენ და ვიწერ ძილისპირულის ზღაპრებად- ათას სიმართლეს და ასიათას მონაგონს. კიდევ მთავრდება ერთი დაღლილი აპრილი, და ცივ ზამთრამდე იქნებ სიკვდილმაც მომაგნოს. ვზივარ და ვაცლი უნაზეს ფურცლებს გვირილას- ამ ქვეყნის ბედი რომელ ავაზაკს მივანდო. ნდობა რომ გახდა გაბზარული და ირიბი, ვიგრძენი, ირგვლივ, სანდო არავინ ბინადრობს. ჩემი ლექსები ლურჯი ფერფლია სევდისა, და ვერ ნაპოვნი გასაღებების ბოქლომი. დიდხანს მეძინა ომი და ჭირი მესიზმრა. ცხადში კი, თურმე ორივე ზურგით მომქონდა. ცხოვრება ერთი ტალახიანი სახრეა, შენ კი დაღლილი, უიმედობით, სიზიფე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი