რეტრო


იყო, ალბათ, ოცი წლის წინ
ნისლით ნაფენ მონმარტრთან.
იდგა ვიღაც და უსმენდა
შემოდგომის კანტატას.
ქვაფენილზე წლები ხმელი
ფოთლებივით ეფინა..
დრამა, მასთან, ბასრი იყო 
უფრო, ვიდრე შექსპირთან.
მწუხარებით იგონებდა 
ხსოვნით სავსე ემბაზებს.
სიო იყო ნება-ნება
და მღეროდა სევდაზე.

იქ, პარიზის რეტრო სახლებს,
თაღებს, მთვარე ანთებდა..
/კაცის წელში გატეხვამდე,
ქარი სულ ქრის სარკმელთან/.
დამსხვრეული სულის ნარჩენს
სხვა ფერი აქვს შუქჩრდილზე.
ქალაქს მთვარე უჩირაღდნებს.
მერე ღამეს უჩივლებს.

შემოივლის თაღმაღალი
გზებით ქუჩებს პარიზულს.
და თითების გადაღლამდე
დაწერს, როცა ქარი დუმს.
გაიხსენებს გასულ წელთა
ამბებს ფოტოფირებად.
როგორ შესძლო სევდის ეშმამ
სულის გადაბირება.

გაუღიმებს წითელ ტენტებს.
რენესანსულ კაფეებს..
სადაც, მაშინ ტკბილად სთვლემდნენ.
სადაც, მაშინ აფრებდნენ.
როცა, უცხო მუსიკოსი,
ნისლით ნაფენ მონმარტრთან,
იდგა მუდამ უსიტყვო და
უკრავდა და უკრავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი