შენი დაღლილი თვალების ფერით


ძველ ქოხთან ვუვლი
ცისფერ სუმბულებს..
ფიქრებს ეზრდება ვეება ფრთები.
მერე ვზივარ და 
ჩემ თავს ვუყურებ,
შენი დაღლილი თვალების ფერით.

როდესაც სიო 
არხევს ატმის რტოს,
დგება საღამო მსგავსი ედემის.
მოდის წვიმა და 
ნაზად დამტირის..
/სევდავ, 
შენც მალე დამიბერდები./
თოვლი აავსებს სულის ორმოებს.
გაუჩნდებიან მზერას ბზარები.
როგორ მინდა, რომ 
უკან მორბოდნენ,
წლები 
ბავშვურად უდარდელები.
მაგრამ აქ ისევ 
ცვივა ფოთლები,
ყვითელი ტონი ცეცხლის პიგმენტით.
სულში თუ /ოდნავ/ 
მაინც დათბება..
ცოცხლები, /ოდნავ/, თუკი ვიქნებით
დაგიკრეფ ქოხთან ცისფერ სუმბულებს..
ცისფერი წიგნი იდოს თაროზე.
წეროები თუ 
თოვლის გუნდებად
მოფრინდებიან ამ გაზაფხულზე,
გიმღერებ ბოლოს ნამღერ სიმღერას..
დაგიწერ იმ ლექსს, 
რაც ვერ დავწერე.
დრო გადის, 
მე კი, უფრო ვიმღვრევი
და შემოდგომის წლები მარწევენ.

ვრჩები პორტრეტად ცის რუხ ტილოზე.
ვეღარ დავძარი ფრთებით აკრილი.
შენი სულისთვის ლექსით ვილოცე,
როგორც ოდესღაც 
ლექსად დაგპირდი.
მე ამ ტილოზეც ვუვლი სუმბულებს.
იმ უკანასკნელ სიმღერას ვმღერი.
მერე ვზივარ და 
ჩემ თავს ვუყურებ
შენი დაღლილი თვალების ფერით.

20.04.22

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი