ღმერთი ბავშვივით


თვალებს ვხუჭავ და მშვიდად ვუსმენ 
სისხლის მდინარეს.
კაპილარებში ამღვრეული, როგორ მიმოდის.
ვუმზერ წითელ მზეს, 
ანუ გულის მზესავით ჩასვლას..
და შებინდებულ ძვლებზე ვხატავ 
დამჭკნარ მიმოზებს.
მელნისფერ ნაღველს ვიზეპირებ მშვიდი სისავსით.
დრო ამ ნაღველის ტბებში აჩენს ნაზ მარგალიტებს.
ნაჭუჭით, კანით, ნიჟარებით ისე ვისარკე
ყველას უკლებლივ დაუბრუნდა ეკალი/ვარდი.
ყველა ბილიკი, 
მოძრაობა, 
გზა დავაკნინე.
საკუთარ თავში უძრაობის განცდას ვამყარებ.
მე მოვილოცე ყველა წმინდა, ხატი, საყდარი.
ღმერთი ბავშვივით,
ჩაჭიდული ხელით დამყავდა.
მერე დავდექი ცისფერ ტბასთან
აკვნებს ვარწევდი.
გავთავისუფლდი უსარგებლო ფიქრის ჯარისგან.
ახლა კი ვუმზერ ფრთებალესილ, ამაყ არწივებს
და მოჭიკჭიკე ყვავ-ყორნების სმენა არ მინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი