მე მინდა წავიდე ცირკში
მე მინდა წავიდე ცირკში და ცხოვრებას დავცინო. ისე, როგორც ღმერთმა დაგვცინა ჩვენ. “მე სიცილი მინდა.” მიზეზი არ არის. ეს ცხოვრების ბრალია. ამიტომ, მე მინდა წავიდე ცირკში და ძალიან ბევრი ვიცინო. მაგრამ ცირკიც არ არის. მხოლოდ მისი მშვენიერი, მწვანე სახურავია.. რომელიც მუდამ მახსენებდა კარუსელს. და მისი ფართე კიბეებია, რის დანახვაზეც მახსენდება ბამბის ნაყინი.. რადგან სხვა ნაყინი არ მიყვარს. რადგან სხვა ნაყინი მახსენებდა ანგინას და ანგინა - ნუშურა ჯირკვლებს.. ნუშურაზე ნუში არა.. მაგრამ შუქურა მახსენდება და შუქურაზე - მხოლოდ და მხოლოდ გრაფი მონტე-კრისტო. გრაფზეც გავიხსენებდი რამეს. მაგრამ არ მინდა. სასაცილოა არა?! არა. სასაცილო მხოლოდ ცხოვრებაა. და მე მინდა წავიდე ცირკში, რომ ცხოვრებას დავცინო. მაგრამ ცირკში როცა ვიყავი ვიტირე. მეტად აღარ წავსულვარ. ბნელ ოთხმოცდაათიანებში არ იყო ცირკის ფული. მითუმეტეს, თუ იქ, სატირლად მიდიოდი. ტირილი ცხოვრებაზეც შეიძლებოდა. ბნელ ოთხმოცდაათიანებზე მახსენდება- ჩემი ფოტოაპარატის ზომის ტელევიზორი, ნუცუბიძის პლატოს ძალიან მაღალ სართულზე და “კასანდრა”:. კიდევ ტაშკენტის ქუჩის კუთხეში, წითელი რკინის სასრიალო. ჟანგიანი გარაჟების უკან. /ეს, როცა თბილისში ჩამოვდიოდი. დანარჩენი ბნელი იყო. არ მახსოვს./ ჟანგიანზეც მახსენდება რაღაც.. ბაბოს ნახშირის უთო.. მისი ხელებივით თბილი და მისი თვალბის ფერი ნახშირით სავსე. ბაბოს თვალებზე მახსენდება, რომ მაშინ, ყველაფერი კეთილი მეგონა. ადამიანებიც. მაგრამ გუშინ გავიგე- “ადამიანი ბოროტია და სიკეთეზე ისვენებს” , - ბატონმა ბესიკმა თქვა. სიკეთეზე რომ ისვენებს ეგ გავიგე გუშინ. ბოროტი რომ იყო, ჩემით მივხვდი. ბოლო დროს ბევრს უნდა სიკეთეზე დასვენება, მაგრამ მე აღარ მინდა ადამიანები. მე მინდა წავიდე ცირკში და ცხოვრებას დავცინო. მაგრამ მახსენდება, რომ ცირკში ვიტირე. რადგან კლოუნს გიგანტური შურდული ეჭირა და ბავშვებს აშინებდა ყელზე მოჭერით. სასაცილოა.. ცხოვრებამ რომ იცის ყელზე მოჭერა, ასე არავინ. ცირკის მწვანე სახურავზე, კარუსელი რომ მახსენდება, ის კარუსელი, ძალიან ლამაზია. კარუსელის ცხენებზე “მერანი” მახსენდება. მერანზე - ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბარათაშვილზე - გალაკტიონი. გალაკტიონზე - პოეზია. “პოეზია არ არის კლოუნადა, არც ჯადოქრობაა.. ეს არის სასწაული” ერთმა ესპანელმა თქვა. (ბატონი ზაალის წიგნში ამოვიკითხე). და მე ვამბობ- მე არ ვარ ბოროტი.. რადგან მე პოეზიაზე ვისვენებ. მე მინდოდა წავსულიყავი ცირკში და ცხოვრებისთვის დამეცინა. მაგრამ გამახსენდა, რომ ცირკში ვიტირე. ეს იყო ბნელ ოთხმოცდაათიანებში. და მე არ წავედი ცირკში და მე წავედი მუზეუმებში.. და წავედი გალერეებში.. და წავედი სასახლეებში.. და წავედი მწერალთა სახლში. და მე ვნახე- გარდაცვლილი კეთილი ადამიანების სულები.. და მე ვტიროდი.. ვტიროდი.. და ვტიროდი. და ვპოსტავდი ლამაზ სურათებს. ადამიანებს კი ეგონათ, რომ მე კარგად ვარ.. რომ მე ძალიან კარგად ვარ. და როდესაც ადამინებმა გადაწვიტეს დაესვენათ სიკეთეზე, მე მოვძებნე პოეზია და ცხოვრებას დავცინე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი