კირტანა
ბასრი ლექსები აატირებს სულებს და ჩრდილებს. სულის ჩრდილები იზრდებიან, როცა ჩვენ ვქრებით. ეს გაზაფხული სუსტია და ძალას ვერ იკრებს. ფიქრი, უღმერთო ქარწვიმებში, სწრაფად ბერდება. მტრედებმა ფრთხილად ამიკენკეს ხელიდან პური. მერე გაფრინდნენ, როგორც წლები ვერ მონახელთი. რომ მეხმაურა ის დღეები, რომლებსაც ვდუმდი, /როცა დუმილი სასწაული მეგონა ღმერთის../ თითქოს და სათქმელს თვით სამყარო მიმიხვდებოდა. რატომ მეგონა, რომ დუმილი არის ოქრო და ოქრო რამეში მჭირდებოდა, რატომ მეგონა?! როცა წვიმაში წყაროს წყალი საცრით მომქონდა.. ქოხს იქ ვაგებდი, სადაც გველი მზეს მიეფიცხა. საწოლს იქ ვდგამდი, სადაც კატა პირველად დაწვა. თუმცა ვიცოდი ღმერთმა, თავად, გველი შერისხა და ადარებდნენ, პირველ რიგში, ეშმაკებს კატას. გული მწყდება და ჩუმად ვჯდები კუთხეში, სადმე სახლის და ვიწყებ უნებურად იესოს ხატვას. ვხატავ და ვფიქრობ- რა იქნება სულ ოდნავ გგავდე.. ღმერთო, იესო, ძეო ღვთისა, საშენო მანტრა მამღერე ისევ და მასწავლე სავალი შენკენ. და როცა გხედავ ზურგს ნუ მაქცევ.. მე გხედავ ცისფრად. შენს ნაბიჯებზე სულის თეთრი ზარები რეკენ, და ლექსებს შენზე ლოცვასავით ცრემლებთან ვრითმავ. იესო, /თუმცა, დუმილს ვნანობ../ დუმილს ვირჩევ კვლავ. შენი ენაც ხომ სიჩუმეა, სულის ნოტებზე. მე ისევ შენთან მომიყვანა ლურჯმა სიზმრებმა. მე ისევ შენთან.. ისევ შენთან.. კვლავ შენ მოგძებნე. Ⴋ . Ⴆ .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი