მზე ამოვა


ახლა ისეთი სისწრაფით და ელვით ღამდება.
დგება უმთვარო ღამეების უზურპაცია.
და მამაჩემის დაღლილ გულთან მე ვარ თავდები,
რომ მზე ამოვა, 
ვიდრე რუხი ცა შეგვაციებს.
რომ თეთრ ზამთრამდე უთბილესი ზაფხულებია.
და ცივ ზამთრებსაც მოჰყვებიან გაზაფხულები.
რომ ჩვენი ეზოს ოქროსფერი თავთუხებიდან
მზეს აანთებენ წეროები კვლავ დაბრუნებით.
ეს წინათგრძნობა, ახლა ისე ცხადზე ცხადია,
როგორც თვალღია სიზმრებიდან მკვეთრი ტიტრები.
დღეს ძაღლის თავი, 
ყველა კარის უკან მარხია,
ჩვენ კი ყოველი დაცემისას, ისე ვიზრდებით,
როგორც ეს სევდა ჩემს ლექსებში,
როცა მარტია. 
და ახალი წლით დაბერება წვება ფეხებთან.
ამხელა დარდი ნეტავ რომელ ფიქრში დავტიე,
/სხვა ცხოვრებაში, ნუთუ ჩვენს თავს ისევ შევხვდებით?!
და თუ შევხვდებით ვინ ვიქნებით, ან რა გვერქმევა./
რამდენი კითხვა და რამდენი კითხვის ნიშანი.
რამდენი ფიქრი დაიტიონ თხელმა ლექსებმა,
არ შეიმჩნიონ ამ ფიქრის და სევდის სიშავე.
არ შეიმჩნიონ რა გვტკიოდა, რა გვადარდებდა.
ასე დაღლილი რატომ ვწვებით ლექსსარეცელზე?!
რატომ ჰგავს ახლა,
ეს სამყარო ტკბილ ანათემას?!
ჩემი ლექსები ბნელ ღამეში რატომ მეძებენ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი