“დაე მძინავდეს”


სიცოცხლე იყო ბასრი და მშვიდი,
აჰყვა ღმერთების ნათელ ნატერფალს.
დადგა სიბერე სიკვდილის მშვილდით
ხელში და სული სევდით დასეტყვა..

იყო ცხოვრება ცხარე და მძაფრი..
სხეულში ზოგჯერ სისხლსაც აშრობდა.
ყველა კუთხეში ცხოვრობდა საფრთხე.
ჩვენ კი, მშიშარა, დიდი ბავშვები
ვემალებოდით შიშებს სოროში,
ღამეში ტკივილს ვემალებოდით.
ჩვენი თავიდან ისე მოვრბოდით,
როგორც, დასჯილი, 
ზღაპრის გნომები.
მერე ვეძებდით მიტოვებულ მეს,
რათა ნაწყენი, გულში ჩაგვეკრა.
სისხლში დარდები იტოტებოდნენ,
სული რამდენჯერ, უხმოდ, დაგვემსხვრა..

ასეთი იყო ცხოვრება, ფლიდი,
მაგრამ სიცოცხლემ რა დააშავა.
მეხსიერების ბარათებს ვშლიდი,
ახალ გვერდზე რომ გადამეშალა.
დამეწყო წერა თეთრი ფურცლიდან,
თითქოს, ცხოვრება ჯერ არ შემშლია.
თითქოს, სამყაროს ჯერ არ ვუცვნივარ
და რომ სამყარო, ახლა, ჩემშია..

აღარ ღირს გვემო სული და ხორცი
სიამისათვის სხვათა და სხვათა.
უნდა მოთავსდე სიმშვიდის ქოხში,
სადაც სინათლის წერტილი დაგხვდა.
უსმინო უნდა საკუთარ სუნთქვას
და დაინახავ ნათელ მდინარეს.
ვუსმენ და ვდუმვარ ..
ვუსმენ და ვდუმვარ.
მე მძინავს.. მძინავს.
“დაე, მძინავდეს..”

როცა ღმერთების აჰყვა ნატერფალს
სული და ესმა ნაზი აკორდი,
მარადისობის სევდა აყეფდა
ცნობიერში და
განვიმარტოვე..

03:03

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი