ზ.ზ.-ს
შენ გძინავს დაღლილს, დაღლილს ყველაფრით. მე შენზე დარდი სისხლში დამიდის.. თუკი ვღელავდი, გულით ვღელავდი და თოვლიანი მედგა ამინდი. წევხარ და სიცხე ნატკენ სისხლს აშრობს. ოცნებობ, ყველა სევდა ამოშრეს ფიქრიდან. პულსის მკვერთი გლისანდო ტკივილით ნამავს სულის სამოსელს. ეს ლექსი, ახლა, უფრო ჰგავს ლოცვას.. რომ ამ ბრძოლაში გადავრჩებით ჩვენ. მე მინდა ყველა სიცოცხლე მოგცე, სიცოცხლე გერგოს განაჩენივით. ვინც ზურგით გვედგა კვლავ დარჩა ზურგთან. თუ ვძულდით ვინმეს, დაე, კვლავ ვძულდეთ. ამხელა დარდს თუ თვალებით ვდუმვართ, სიხარულსაც ხომ თვალებით ვუმღერთ. შენს ბაღში, უკვე, ხმება ნუშები და აღარ ყვავის ბუჩქი ვარდების. ღამე თოვლივით გაისუსება, როცა უღმერთოდ მოგვენატრები მე და ჩემს ლექსებს, თუ ვერ გიპოვეთ თოთო სტროფებში.. ასე, უმამოდ დარჩენილ ბავშვის დარად, სტრიქონებს, ობლობის ნაცნობ ზღაპარს ვუგალობ. გამოღვიძებას ვასწავლი შენ სულს, რომ ენთოს, ენთოს მზესთან ყოველთვის. რათა სიცოცხლე ფსკერამდე შესვა, სითბო მოპარო სევდის მომენტებს.. შენშიც აყვავდეს ჟინი ცხოვრების, სამყაროს ყველა მოვუგოთ ომი.. ცხოვრებისაგან ყინვით მოვერცხლილ გზებზე მოვიდეს სიმშვიდის თოვლი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი