თეთრი ვაზი


მჯერა,
წერას დავიწყებ
დაუწერელ ტექსტის.
როცა, სხვისი ლექსების,
მძაფრ გავლენას ვებრძვი..
ვერსად რომ ვერ მოვნახე,
სიტყვა-
დაღლილ სულზე.
ვერ დავხატე ვენახი,
ფიქრებში რომ ვუვლი..
ფესვები თუ გაიდგა ვაზმა,
გიშრის ქვევრში.
ენძელები დაღვინდა აკრილში და ზეთში.
ვისაც თეთრი უყვარდა ყვავილი და ღვინო,
თურმე, აღარ არიან.
ამოკემსილ ღიმილს
ვხატავ ისევ თავიდან.
ვაზი ყურძენს ისხამს.
ენძელები ყვავიან,
ყოველ დილა, სისხამს,
მზე ამოდის და ქვევრი-
ქვევრი არის გიშრის.
სიზმრიდან გადმოდიან
შიში,
დაღლა,
შიში,
როგორც ნისლი მთებიდან,
როგორც წვიმა ქარში.
მზის პორტრეტი მეც მინდა-
ცეცხლი მინანქარში,
დავხატო და დავარქვა:
შობა,
დაბადება.
ვიდრე დაღლა ლექსებით
ისევ გაავდრდება.
ვიდრე სულში ჩადგება
შემოდგომის შიში.
შეშა შემოგვაკლდება,
ზამთრისათვის შეშა.
გულზე მადევს ტილო და
გულზე თეთრი ტილო.
ჩემთან ერთად ტიროდა,
როცა წმინდა ნინო..
წყალი იყო ცივი და
ყინულივით წყალში,
ჩვენი ცოდვა-ბრალიან ტკივილებით
ვყარდით.
მერე ღმერთმაც შეგვინდო,
ვიდრე ღმერთიც მოკვდა.
პური ჩვენი არსობის
მიტევებით მოგვცა.
რა საბრალო ქვეყანა,
რა საბრალო ერი ვართ.
გადაგვეწვა ტყე, ყანა,
მაინც მშვენიერი ვართ.
და დაღლილი ეს ერი.
საზღვარს მტრების მესერი.
გულნატკენი შევცქერი,
გულზე დიდი ლოდით.
სული ასე ბებერი.
სულში სუნი ენძელის.
სულო, თუკი შეძელი,
კიდევ ერთხელ მოდი..
თორემ ფართო სახიან
ცაზე ღმერთი მარხია
და ჩემს ერზე ახია.
ეს შიში და დაღლა..
ქარმა ღამე დახია.
ნეტავ ეს ხე რა ხეა?!
ტოტები რომ მოხვია
ცას ღმერთების მაღლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი