ომისპირული


კეთილი სიტყვები
ყოველთვის არ ნიშნავს კეთილ სულს.
არც უსიტყვობაა უსულობის მანიშნებელი.
შენი დუმილი შენი ოქროა.
ომი რომ მორჩება
ომისპირულს ვიმღერებ და ტყვიების ყელსაბამს გავიკეთებ,
არ უნდა დამავიწყდეს,
როგორი ფერი აქვს ადამიანთა ბოროტებას.
და როგორი ფერი აქვს სიმშვიდეს?!
ბოლო დროს,
სიმშვიდე წითელია და ღელავს.
იმედები იმსხვრევიან,
უცნობ ადამიანებზე შექმნილი წარმოდგენებივით..
მზე, სულ უფრო, მძაფრად ანთია,
უკეთ რომ გამოჩნდეს ცოდვა-ბრალში აბრიალებული დედამიწა..
თვალების დახუჭვა ვერ ახშობს ყურებში ჩამდგარ ხმაურს.
ზღვაზე არეკლილი მზესავით ისმის ყოველი თვალის არიდება..
მე კი ვღეჭავ დაობებულ სიჩუმეს და
ვერცხლისფერი ლაყუჩები მეზრდება.
დინების მიმართულებით ცურვაც ცურვაა,
მთავარია მიზნამდე მიხვიდე..
მე წრეზე ვტრიალებ.
გაზაფხულზე ხმელეთზე ამოვდივარ.
სუნთქვას ვწყვეტ და შემოდგომამდე ვინარჩუნებ სიმწვანის ესთეტიკას.
მთავარი მაინც ზამთრებია,
რა მნიშვნელობა აქვს სულში ჩადგა თუ თვალებში.
სარკეები არ ტყუიან..
ყველა ამბავს შემოგიტრიალებენ ნამდვილს..
გაპრიალებულს..
მთავარია მზერა არ გეტკინოს.
როცა ვიღლები
თვალებს ვხუჭავ და პურის ყანებს ვისიზმრებ..
მე რომ ზღვები დამისიზმრებენ
ვუამბობ, როგორი ფერი აქვს თავთუხებს..
როგორი ფერი აქვს ომს..
გავუმხელ, რომ
ბოლო დროს,
სიმშვიდე წითელია და ღელავს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი