ცირკი
მე მინდა წავიდე ცირკში და ცხოვრებას დავცინო. ისე, როგორც ღმერთმა დაგვცინა ჩვენ. მე მინდა წავიდე ცირკში და ძალიან ბევრი ვიცინო, მაგრამ ცირკი არ არის. მხოლოდ მისი, მშვენიერი, მწვანე სახურავია.. რომელიც, მუდამ მახსენებდა კარუსელს. და მისი ფართო კიბეებია, რის დანახვაზეც მახსენდება ბამბის ნაყინი.. რადგან სხვა ნაყინი არ მიყვარს. რადგან სხვა ნაყინი მახსენებდა ანგინას და ანგინა - ნუშურა ჯირკვლებს.. ნუშურაზე ნუში არა.. მაგრამ შუქურა მახსენდება და შუქურაზე - მხოლოდ და მხოლოდ “გრაფი მონტე-კრისტო”. გრაფზეც გავიხსენებდი რამეს, მაგრამ არ მინდა. სასაცილოა არა?! არა. სასაცილო მხოლოდ ცხოვრებაა. და მე მინდა წავიდე ცირკში, რომ ცხოვრებას დავცინო. მაგრამ ცირკში როცა ვიყავი, ვიტირე. ბნელ ოთხმოცდაათიანებში არ იყო ცირკის ფული. მითუმეტეს, თუ იქ, სატირლად მიდიოდი. ტირილი ცხოვრებაზეც შეიძლებოდა. ბნელ ოთხმოცდაათიანებზე მახსენდება- ჩემი ფოტოაპარატის ზომის ტელევიზორი, ნუცუბიძის პლატოს ძალიან მაღალ სართულზე და “კასანდრა”:. კიდევ, “ტაშკენტის” ქუჩის კუთხეში, წითელი, რკინის, სასრიალო. ჟანგიანი გარაჟების უკან. /ეს, როცა თბილისში ჩამოვდიოდი. დანარჩენი ბნელი იყო. არ მახსოვს./ ჟანგიანზეც მახსენდება რაღაც.. ბაბოს ნახშირის უთო.. მისი ხელებივით თბილი, მისი თვალბის ფერი ნახშირით სავსე. ბაბოს თვალებზე მახსენდება, რომ მაშინ, ყველაფერი კეთილი მეგონა. ადამიანებიც. მაგრამ გუშინ გავიგე- “ადამიანი ბოროტია და სიკეთეზე ისვენებს” , - ბატონმა ბესიკმა თქვა. სიკეთეზე რომ ისვენებს, ეგ გავიგე გუშინ. ბოროტი რომ იყო,- ჩემით მივხვდი. . მე მინდა წავიდე ცირკში და ცხოვრებას დავცინო. მაგრამ მახსენდება, რომ ცირკში ვიტირე. რადგან კლოუნს გიგანტური შურდული ეჭირა და ბავშვებს აშინებდა ყელზე მოჭერით. სასაცილოა.. ცხოვრებამ რომ იცის ყელზე მოჭერა, ასე არავინ. ცირკის მწვანე სახურავზე, კარუსელი რომ მახსენდება, ის კარუსელი, ძალიან ლამაზია. კარუსელის ცხენებზე “მერანი” მახსენდება. მერანზე - ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბარათაშვილზე - გალაკტიონი. გალაკტიონზე - პოეზია. “პოეზია არ არის კლოუნადა, არც ჯადოქრობაა.. ეს არის სასწაული” - ერთმა ესპანელმა თქვა. /ბატონი ზაალის წიგნში ამოვიკითხე/. და მე ვამბობ- მე, პოეზიაზე ვისვენებ. . მე მინდოდა წავსულიყავი ცირკში და ცხოვრებისთვის დამეცინა. მაგრამ გამახსენდა, რომ ცირკში ვიტირე- და მე არ წავედი ცირკში და მე წავედი მუზეუმებში.. და წავედი გალერეებში.. და წავედი სასახლეებში.. და წავედი მწერალთა სახლში. და ვნახე- გარდაცვლილი, კეთილი, ადამიანების სულები.. და მე ვიცინოდი.. ვიცინოდი.. და ვიცინოდი. ადამიანებს კი ეგონათ, რომ მე კარგად ვარ.. რომ მე ძალიან კარგად ვარ. და როდესაც გადაწყვიტეს დაესვენათ სიკეთეზე, მე მოვძებნე პოეზია და ცხოვრებას დავცინე.. რადგან გალაკტიონი გაფრინდა ფანჯრიდან რადგან 2 წლის ბავშვიც გაფრინდა ფანჯრიდან რადგან 20 წლის ემიგრანტი ბიჭიც გაფრინდა ფანჯრიდან რადგან პაოლომ თავი მოიკლა რადგან სილვიამაც მოიკლა თავი რადგან ჩემმა მეზობელმაც მოიკლა თავი რადგან დედები შვილებს ტოვებენ რადგან დედები შვილებს ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან რადგან დედები მიდიან მე გადავწყვიტე- არასდროს წავიდე ცირკში!. Ⴋ . Ⴆ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი