ზის და უკრავს


ზის
და უკრავს ინსტრუმენტზე
ყანჩელს, გოგო კისკისა..
მე ფანჯრიდან ვიყურები,
დაათოვა გზის პირებს.
თოვლი მოსჩანს ტროტუარზე,
როგორც თეთრი კლავიში.
ქარში წრეზე ტრიალებენ-
შიში, დაღლა, კვლავ შიში..
ცხოვრება რომ არის ბასრი,
დიდი ხნის წინ მივხვდი და
სული,
თეთრი თოვლით სავსე,
წვეთ-წვეთ ჟონავს სისხლიდან.
ნოემბერი დასრულდება.
არ სრულდება ყანჩელი.
სიცოცხლე თუ სასურველი
გახდა, აქეთ დავრჩები,
მაგრამ სული მუდამ ითხოვს,
თითქოს,  დაბრუნებას შინ..
დაიღალა, თითო-თოთოდ
სცვივა დაუთესავი
სიტყვები და ლექსებიდან
ტკივილებმა გაჟონეს.
თოვლის სპექტაკლს ესწრებიან
და ლოლოთა მაჟორებს-
ჩემი ლექსის მსმენელები,
ჩემი ლექსის მკითხველი.
/ჩაივლიან თებერვლები,
იყვავილებს ურთხელი/.
იქნებ,
ბოლო თოვლის მოსვლა
არის, ნეტავ,  რა ვიცი..
ტროტუარზეც არ გამოჩნდეს
იქნებ, თოვლის კლავიში.
მერე, ყანჩელს უკრავდეს სხვა,
გაქრეს გოგო კისკისა.
არ დაატყოს ზამთრის სუსხმა
მისი კვალი გზის პირებს.
ასეთია ამ სამყაროს
წესები და კანონი.
ისევ ლექსში ვასამარებ
მას, რასაც ვერ ვამბობდი.
ბოლოს მაინც თეთრ სიჩუმეს
ვირჩევ, როცა დაღლა მძლევს.
ღმერთო, ფიქრებს ვერ ვიშუშებ.
ღმერთო, ფიქრს ნუ მაძალებ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი