სიმშვიდის
იანვრის დილა, სოფლის თაღებზე, ჩამოჯდა თეთრი მთვარის ნარჩენად. თავაწეული დგანან ალვები როგორც იმედი, ან გადარჩენა.. ნისლი მთებიდან ისე ალაგდა, როგორც სიზმრები ძილის სკივრიდან. ძვირფასო, ეს დღე, ისევ, არ მგავს და მოჩვენებითად მშვიდი მივდივარ ჩვეული გზებით, ნაცნობ სახლამდე. ფიქრი რძესავით დუღს და გადმოდის. რამდენი ღამე უნდა დაღამდეს. უკან რამდენი დარჩეს სადგური, რომ ამოვიდეს ისევ ძველი მზე და თოთო თოვლზე სხივი დაბადოს. კვლავ გამახსენდეს ზოლა, მერიმე. ან პოეზიის ლურჯი საღამო.. მაგრამ არც მზე ჩანს და არც მინდვრები, სადაც პეპლები ცოცხლობენ ას წელს. წლების ბრუნვასთან ერთად იზრდები მოგონებებს კი ბავშვივით არწევ. მთის ირმის რქებზე ამოსულ იმედს მეტასტაზები ეზრდება ნელა.. რაც უფრო მეტ დარდს, შენ გულში ეხვევ სასწაულების მით უფრო გჯერა. თოვს და მტრედები ხეზე სხდებიან. ფიფქებს ადნობენ ლამაზი ფრთებით. დღეს ჩემი სევდა ფიფქზე ბევრია, სევდა ფიფქივით ვერასდროს დნება. თოვს და მტრედები აფრინდნენ ფრთხილად. თან გაიყილეს ლურჯი საღამო, თეთრ მინდვრებს ვუმზერ, ვუმზერ და ვზივარ. მინდა ეს თოვლი მზერით დავღალო. თვალებშიც ჩადგეს სიმშვიდე ფიფქთა. სიმშვიდე ეცვას ყოფის სათიბებს. რა სევდიანად თოვს და რა ცისფრად, ცის ცივმა თოვლმა სულიც დათოვა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი