ეჰ, თებერვალო


ეჰ, თებერვალო,
რა ცივი ხარ, რა სუსხიანი..
თოვაც როგორ ვერ მოიხდინე,
როგორ არ გშვენის.
ვზივარ სარკმელთან, ძველებურად მასევდიანებს
ცქერა მთაწმინდის..
ყურსასმენში ზოგჯერ გერშვინი.
როგორ ველოდი კატის წელს და აღარც კატები..
სიზმრადაც მხოლოდ დამშეული მგლები მოვიდნენ.
რამდენი საქმე დამიგროვდა.. საბეჭდ-საწერი..
ჩემში კი მხოლოდ ხველაა და მხოლოდ კოვიდი..
ხალისიც აღარ შემრჩენია წერა-კითხვების.
თვლემენ თაროზე კორტასარი, ხარატიშვილი.
ქვეყნად თუ მოკვდნენ კატები და მოკვდნენ ვირთხებიც,
მალე იმ ქვეყნის ცნობილ პირსაც გააშიშვლებენ,
სულით ხორცამდე და სამყარო მიდის სადამდე,
კაცი რომ კაცს ჰკლავს სასაცილო არის ზოგისთვის.
მე კი ვიდრე ამ წყეულ კოვიდს ვინმეს გადავდებ
წავალ და ფილტვებს გამოვკეტავ ისევ ლოგინში.
იყო დრო ღამეს ვათენებდი ლექსის წერისთვის..
ახლა ლექსებმა ღამეები აქეთ მითიონ..
თითქოს დაუდგა სულს სევდის და დარდის მერმისი
გადარჩენისთვის ბრძოლა ერთი დიდი მითია..
მხოლოდ ომების ქრონიკები, ძვრები მიწების..
ჩამონგრეული შენობების ამოკივლება.
ჩემზე ბრძენია ახლა ჩემი ბასრი შიშები,
თან ისე ღრმა, რომ ჩახედვაც კი არ მოგინდება.
რა უსუსური, რა მწირია ადამიანი.
ისე მარტივად შეუძლია იქცეს კვლავ მიწად.
ამდენი ფიქრი უსაშველოდ მადარდიანებს
და ისევ წერას შევეფარე, ღმერთი გამიწყრა.
ითოვე, თეთრო თებერვალო,
მიდი, ითოვე..
სიმშვიდეს ახლა, რაც მომიტანს მხოლოდ თოვლია.
სევდა, დარდი და ეს წუხილი გამითოთოვე.
ნუ შემაჯახებ რეალობის ბასრ მელოდიას..

მ.ზ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი