მოვიდა მარტი და...


მოვიდა მარტი და
მოიტანს ლექსის წვიმას ..
დამიდნა, რა ხანია,
ქათქათა სევდის თოვლი.
სადაც ზღვა ზეცას ეკვრის,
ამაღამ მეც იქ მინდა,
იმ ზღვაში ოქროს თევზს
ვიცი, რომ კვლავ ვიპოვნი.
მარტის მზეს არ ვენდობი,
ცივია ნასესხები..
ცხადია, მოიყოლებს
დამთრგუნველ ქარწვიმებსაც.
იმას კი, რაც გვახსოვს ან
ბუნდოვნად გვახსენდება,
მარტის ცა არასდროს,
არასდროს დაგვავიწყებს.
წუხს, ახლა, ჩემში ყველა
ნერვი და ნეირონი..
ცაც ისე იშვიათად,
მოლურჯოდ იწმინდება.
ლექსები ამ სულის
მკურნალი ირონია
და ფიქრებს მოწყვეტილი
ნაღველის სიწმინდეა.
ახლა მე დამკვირვებლის
უფრო მაქვს პოზიცია
და გული მეკუმშება
ძმა ძმას რომ უყეფს ავად.
/სულს ისევ შეიფარებს ღამე და პოეზია..
ხალხის თუ მეშინია.
ვწუხვარ და..
უკაცრავად./
თქვენც როგორ გაგვიჩუმდით,
მდუმარე მგოსნებს გავხართ.
ხართ კიდეც,
მთაწმინდიდან ხმა ვეღარ მოგვაწვდინეთ.
დღეს ჩემი ერის ბედი
შორიდან მოსჩანს ავად.
არ მსურს, რომ ამ ავი
ამბების მონაწილე
გავხდე და ჩუმად ვარ..
ვდუმვარ და მტკივა გული..
ქართველს რომ ქართველი
არ ინდობს, ექცა მტრად.
უმთვარო ღამეს ჰგავს
საბრალო სიყვარული,
ბნელა და სიბნელით
დაბრმავდა ქვეყანა.
მარტი კი ისევ მოვა,
აპრილიც, მაისიც..
ჩვენ მაინც წრეზე ვართ,
ამბავი არ იცვლება..
არც ბასრი ლექსების,
არც ახლის ხმა ისმის,
ბედი კი სულ ელის
ფეხი სად დაგვიცდება..
არა და
გაზაფხული
მოვიდა თბილწვიმებით.
დამიდნა რა ხანია
ქათქათა თოვლი სევდის..
ვიღაცას სულ ახსოვდა,
რასაც ჩვენ ვივიწყებდით..
ლექსებიც საუბრობენ,
ვინმე რომ მოისმენდეს..

მ.ზ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი