ჩემო სევდიანო ვენახო


/ჩემო სევდიანო ვენახო.
ჩემო ტბებიანო ჭალავ./
ყველანი მახსოვხართ, ყველას გცნობთ.
ყველას გაგიხსენებთ კვლავაც.
სიმწვანის ფერი აქვს გონებას,
ცისფრდება, როდესაც ნაღვლობს.
სიცოცხლის მდელო თუ მოგბეზრდა,
აჰყევი სიკვდილის მაღლობს.
დახუჭე თვალები, თავთუხებს
ისიზმრებს ლამაზი ფიქრი.
და ფიქრის მერანი აღთქმული,
ნათელი, მიწისკენ მიჰქრის..
/ჩემო სევდიანო ვენახო,
ჩემო ტბებიანო ჭალავ../
მგონია ვერავინ ვეღარ მცნობს.
მგონია სამყარო მმალავს.
როდესაც ლექსები გამომაქვს
მზეში და ვულოცავ თვალზე.
ვუმზადებ სხვა სულებს სარკოფაგს,
ვნათლავ და სახელებს ვარქმევ.
თვითონაც ვეღარ ვცნობ საკუთარ
თავს, მეს და განცდების ქოროს.
ბასრ ფიქრებს სიტყვებით ვაკურთხებ
და სულით ობლობას ვგლოვობ..

/ჩემო სევდიანო ვენახო..
ჩემო ტბებიანო ჭალავ../

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი