ამინდი ჰყვება აპრილის წვიმის ფოლკლორს


ამინდი ჰყვება -
აპრილის წვიმის ფოლკლორს..
და ქვაფენილზე მირბის დრო,
როგორც ქარი.
ცხოვრება ერთ დღეს შენში პოეტსაც მოკლავს.
და საკუთარი თავის გახდები ქვრივი.
ქარებს რას ვერჩი,
იქროლებს, ჩადგა თუ ვერ,
ჩვენ კი, ვდგავართ და
გაფრენილ დღეებს ვგლოვობთ.
სიცოცხლე ტოვებს
გადაღლილ სულზე ღრმულებს.
და ის სადგურიც
ისე ახლოა, ბოლო..
მატარებელი ჩამოდგება და ჰოპლა..
ჩვენ კი არ ვცოცხლობთ,
დაუწერელ ლექსს ვმღერით.
მათზე, ვინც ჩვენში სევდაზე ადრე მოკვდა
და ეს სიმღერა
კვლავ დაგვაღონებს, “შეღი”.
.
ცისფერი თოვა მახსენებს მამის თვალებს..
სიცოცხლე რომ სურს,
მაგრამ ნელ-ნელა დნება.
მე ზამთრის ღამეს,
იმდენი კვნესა ვთვალე,
/ამგვარი წყევლა,
ყველას აშოროს ღმერთმა/.
ჩემს სალოცავებს
აღარ აქვთ კარი, კიბე..
როგორც ღმერთამდე
მისასვლელ ბილიკს საშვი.
დაღლილ სულს ლექსის
ბწკარის საკიდზე ვკიდებ,
და რასაც დავწერ აღარასოდეს წავშლი.
განსაცდელებით ტკივილის თმენას ვსწავლობთ,
მერე კი გვახრჩობს
ყელში გაჩრილი ბურთი.
გმადლობთ.
მშვიდობით.
და კიდევ ერთხელ გმადლობთ..
მე და თქვენ, ალბათ,
აღარ შევხვდებით, ღმერთო
.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი