ქარვის საკმეველი


"გირეკავენ და სახლში არა ხარ და
                          არამარტო სახლში არა ხარ."
                                                      ვ. ჯავახაძე

                            "მამის ოთახში
                            აღარ ისმოდა
                            აღარც ლოცვა და აღარც მამის 
                             ხმა."
                                                        რ.აბუსელიძე

                            "სალამი, მამა, მე ღმერთს უკვე
                              მივწერე შენზე"
                                                      გ. კეკელიძე

ზეცა გაიყო..
და ატირდა ქრისტე, იმ დილას.
აპრილს არ ახსოვს, ამისთანა,
წვიმის სეზონი.
კართან მამალმა /გავიგონე/
სამჯერ იყივლა
და შველას სთხოვდა დედაჩემი  ღმერთს.. თუ მეზობელს.

მოუთოვია მაღალ მთაში
/თურმე/ იმ ღამით.
კვამლი სულივით ადიოდა
ნედლი წალმიდან.
წეროს თოვლში, რომ მთის ირმებმა დარდი იბღავლეს,
მაშინ სახლიდან,
ჩვენი ღმერთი ღმერთთან წავიდა.

ისე აენთო ცისთვალები,
როგორც სანთლები.
მერე კი ჩაქრა,
სულის ერთი შებერვით, თითქოს.
მამა, შენ ალბათ,
ამ ტკივილით ვეღარ გაძელი
და ძველ საყდრებთან
დაღლილ სულზე ჭრილობას ითბობ.

თოვლს გავდა მამა..
და აპრილში თოვლივით დადნა.
მთელი მაისი, თავის გაზრდილ ვარდებზე წვიმდა.
სული ისეთი დიდი ჰქონდა,
შვიდი დღე ქარმა
იქროლა, მერე საფლავებთან
ჩადგა და მშვიდად
ჩაესვენაო ღვთის აკვანში,
მითხრეს სიზმრებმა.
სიზმრებმა მითხრეს,
რომ მამაჩემს უკვე არ სტკივა..
მამა,
ეზოში შენი თეთრი ვარდი იზრდება.
შენი დარგული ბალიც, ისევ,
შავად დამწიფდა.

მამა, აღდგომას შენ ორივე ქვეყნად იყავი.
მთელი ცამეტი დღე იცხოვრე ორივე მხარეს.
იქით, შენს მკვდრებთან საუბრობდი გაუცინარი.
აქეთ, ჩვენზე დარდს აყოლებდი ანთებულ თვალებს.
და მჯერა, მა,
რომ შენ ქრისტესთან ერთად წახვედი.
ხელი ჩაგკიდა,
წაგიყვანა ღრუბლის ბილიკზე.
თვალებში გედგა კრიალა ცა, როცა ახელდი.
მე ამ თვალებში ნაპოვნ შიშებს
ვეღარ ვივიწყებ.

დედა ყოველდღე
შენს სურათთან საკმეველს აკმევს.
მა, შენს სულს ახლა სურნელი აქვს ქარვის საკმევლის.
მტრედი მოდის და
დედა უღებს ტირილით სარკმელს.
მერე საფლავის გზას მიჰყვება
შენი ვარდებით
ხელში და ფიქრობს-
ხომ არ გშია,
გწყურია ხომ არ?!
ხომ არ დასველდი?!
წუხელ ისევ ყოფილა თავსხმა.
მე კი, ამ ცრემლებს
ყელში გაჩრილ ბურთივით ვდუმვარ
და ჩემი სულის ნახევარი
უცრემლოდ გახმა.

დალევს და ისევ,
შუაღამეს სანთლებს დაგინთებს
საფლავზე,
დარდით უფრო მთვრალი,
შენი გიორგი.
რამხელა სევდა დაუტოვე, მამა, მამიდებს,
ახლა რაღა ვქნათ?!
მზესავით რომ ამოგვდიოდი.

ეფერებიან შენს პერანგებს
მა, მამიდები.
როგორც გაგზარდეს, ახლაც ისე გინანავებენ.
როგორ მტკივა, რომ
წახვედი და არ დამიბერდი.
ასე პატარა, მთელ ქვეყანას დაენანები.
ტირის დედა და კვლავ ჩაესმის
შენი "მამფერე"..
საწოლთან უდევს სურათების მთელი კოლაჟი.
აღარ გინამავს ტკივილების ცვარი საფეთქლებს.
/როგორ მოგვიგო სატკივარმა
უღვთო ბრძოლაში/.

ვითომ არ ხარ და
ყველგან შენ ხარ..
არა ხარ განა?!
ქარის ქროლვაში,
მზის ჩასვლაში,
კარის ჭრიალში.
მე უშენობის, უხილავი,
სულზე მაქვს დამღა
და ბასრ ფიქრებში
შენს არყოფნას ვაიშვიათებ.

თუკი ყველაზე ცუდად ყოფნა,
ყოფნაა ჩუმად..
მაშინ ცუდად ვარ
და ფიქრებსაც ვეღარ ვერევი.
ღმერთმა არ იცის, თუ რამხელა იარას ვდუმვარ,
როცა მიხმობენ,  ქარში ჩემი
მკვდრების სიზმრები..

ძვირფასო ღმერთო,
მე არ ვიცი, მოგმართო როგორ..
რადგან შენ ჩემი გაიგონე,
ღმერთო, არცერთხელ.
შენზე მეტად, რომ შეიყვარა
მამიკო გოგომ,
წაართვი, მაგრამ
მაინც მამის ხსოვნას აღმერთებს.

ძვირფასო ღმერთო,
გაუფრთხილდი ამ გოგოს მამას.
ფეხები, თავი, ფილტვები და აწუხებს ღვიძლიც.
გული აქვს დიდი,
თირკმელი კი, წლებია არ აქვს.
მწარე ტკივილით გადაღლილი წავიდა ძილში..
ჩუმად წავიდა, მშვიდი იყო,
უთქმელი.
ჩუმი.
უწამლე, ღმერთო
არ მოაკლო ღვინო, ზეფირი.
უწამლე, ღმერთო,
ამოუვსე დაღლილ სულს ღრმული.
შემპირდი ღმერთო, რომ მოუვლი.
ღმერთო, შემპირდი.

მე კი გპირდები,
მეყვარება მეტად იესო.
ვიქნები თევზი.
მოგიყვები სიჩუმეს ამბად.
ვიცხოვრებ სიზმრის უნატიფეს მეტანიებში..
შენ კი, ხანდახან გამოუშვი
სიზმრებში მამა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი