სახ/ლი


ქვის არის სახლი-
მისტიური, თეთრი ფანჯრებით.
მღერის და
თითქოს, ისე ღრმაა მისი აურა.
შევალ და თუნდაც, სიკვდილამდე მასთან დავრჩები..
ჩვენ სულ გვინდოდა გვეცხოვრა და
არ გვეხმაურა.
უღვთო სიჩუმე ამ სახლს ჰგავს და სახლის მანსარდას,
სადაც მოლბერტი და გამხმარი ყვავილებია.
ის, რაც ვიცხოვრეთ
ერთი ხელის მოსმით დამთავრდა..
/მთავრდებიანო/ სამწუხაროდ არ იწყებიან
თავიდან..
ყოფაც გაძლებაა, როგორც ქარიან
ღამეში მოხრილ ანტენებზე
სხდომა მტრედების..
ნეტავ, ისინი, ვინც არიან,
როგორ არიან?!
ან ჩვენ, ვინც არ ვართ
როგორ ვართ და
როგორ ვბერდებით?!
აივნებს, /ზოგჯერ/,
ფუნქცია აქვს ლექსის წერების.
ღამის მწერების.
და მზის ჩასვლის უხმო მზერების.
წაიკითხავენ ლექსებს /ვინმე/ გამომწერები
და მოუხდებათ განწყობების გადამღერება.
შეაბიჯებენ ძველი სახლის ვინტაჟურ ჰოლში,
სადაც სარკეებს ანგელოზთა ჩუქურთმები აქვს..
მე ჩემი, დიდი, დარდის ჩერო
მიწაშიც მყოფნის.
/მახსოვს სხვის დარდზე გული როგორ მიჩუყდებოდა/.
რა თეთრი არის სახლი, მისი სევდის ანბანი,
თეთრი ამბავი.
ამ ამბავში გაზრდილი თელა..
ვიღაც იხსენებს სიმორცხვისგან დახრილ წამწამებს.
ზღვასავით ღრმა და
ტალღებივით მომნუსხველ ღელვას.
როცა ქარია ირხევიან ნაზად ფარდები
და მზის სხივები ათამაშებს ჩრდილებს კედლებზე.
დაღლილი სული,
შეჩვეული, თეთრი ზამთრებით,
ბუდობს სახლში,
მას კი სადღაც, სხვაგან ეძებენ.
წვიმა, თუ რეცხავს სახურავის ცისფერ კრამიტებს,
ან თოვლი თეთრად დაედება ვარდისფერ ბაღებს.
წარსული სისხლში უკვდავებად გაიამინდებს,
გაიადვილებს სათქმელს,
ერთ დროს ლექსებად ნამღერს.
როცა დიდია ფიქრის ძალა,
მაღლაა როცა..
მიწიერ ამბებს, ერთი ღერი, ჩალის აქვს ფასი.
თუკი ყვავილებს კოკისპირულ წვიმაში მორწყავ,
თუკი ყოველი ამბის ბოლოს  ზამთარში დარჩი..
როგორც მყუდრო სახლს,
შენთვის, ზამთარს მოაქვს სულზე ფრთა.
სევდის სუნი აქვს ნაზამთრალზე  თოვლის აკვარელს.
ცხოვრების ბოლოს აუხდენელ ნატვრებს ვუმღერთ და
მთელი ცხოვრება ახდენილის ჯვარზე გვაკრავენ.
დგას ქვის სახლები,
თაღმაღალი მიმზიდველობით.
თიხისფერი მზით ინათებენ მარმარილოს ძვლებს.
და ქვად ქცეული კაცის სულით იმზირებიან
მიტოვებული,
ვინტაჟური დარბაზებიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი