მეტასტაზი
უნდა მივბრუნდე.. თქვენი წილი და ჩემი წილი დღეები სულ მას უნდა მივუტანო. უნდა მოვუარო. უნდა გავზარდო. არ უნდა დაპატარავდეს.. უნდა მივბრუნდე(!) თვალები დაეღალა მამაჩემს. მ. ზ. დავდგები ჩემი სახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მოვითმენ მზის ჩაძირვას მარცხენა თვალის შიდა კუთხეში, როგორც ჩაბრუნებულ ცრემლს.. მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილს გაამძაფრებს შეგრძნება იმისა, რომ ჩამოშლას ცდილობს ჩემი ზურგის მყარი კედელი. მთასავით მამაჩემი.. და ვიწყებ ლოცვას, ვიწყებ შელოცვას ცის ჯადოქრობას ემსგავსება ყველა ქმედება. ანწლის ყვავილებს, ანწლის ნაყოფს, ანწლის ხმელ ფოთოლს, ბაბუაწვერას ფესვებსა და უღელს კაკლისას მოვძებნი. ათას იმედის ძაფს თითზე დავიხვევ. წამოვადუღებ ჯოჯოხეთის ცეცხლზე საწამლავს, წვეთ-წვეთ შევასმევ მამაჩემის მავნე ბინადარს, რომ მოეკვეთოს ყველა ბწკარი, ყველა საცეცი და გადარჩენის მზე გაცოცხლდეს ზღვისფერთვალებში. რომ ჯერ ასეთი ახალგაზრდა, ასე პატარა (ხომ ვთქვი) გავზარდო, დავაბერო ისე უტკბესად, რომ დაუბრუნდეს ბავშვობის სახლს ბევრი წლის შემდეგ. დაჯდეს ძელსკამზე, წლების უკან როგორც აჭმევდა, პატარა ხბოებს საწოვარით შუშის ბოთლიდან, ისე აჭმევდეს და უთეთრეს, ღუნღულა ბატკნებს მატყლს უჩეჩავდეს მოხუცი და თბილი ხელებით. აგვისტოს ბოლოს არ გვიშვებდეს სოფლიდან არცერთს. ამბობდეს- “შვილო, კიდევ დარჩით, ვეღარ გელევით.” ძველი ხალისით ერთვებოდეს სოფლის ფუსფუსში. ყურძენს წურავდეს, შუშხუნებდეს “შავი უწამლი”. ნუშის შრიალი ნაჭრილობევ სულს უშუშებდეს და ფოთოლცვენის ცქერით უთქმელ დარდებს უწამლოს.. ჩვენ კი, ზამთრის პირს ვბრუნდებოდეთ მშობლებთან სოფლად, როცა ბროწეულს ფრთაფარფატა ფიფქით დაათოვს. რომ ჩემი ტკბილი მოხუცები, ბუხართან, შობას მონატრებული ამბებით და ლექსით გავათბო. შენ კი , წასულო, ჩემისთანა (განა ქვისქალო), გულდარდიანო.. გიშრისთვალა, ბაბო-მელიტა. მომეცი ძალა, მეც შენფერი თმენა ვისწავლო ტკივილის, თორემ სულს მზეები ჩამოებინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი