პირველად ვნახე თითქოს ეგ მზერა
ფოთლები "ყანჩელს" თავიდან წერენ. რაც დაწერილა, არც ის ძველდება. ამდენი წლის და ტკივილის მერე პირველად ვნახე, თითქოს, ეგ მზერა.. პირველად ვნახე, თითქოს, ეგ გული. ნათელი, როგორც ქარში ხანძარი და უხმოდ, ცივი ცისკენ, შევბრუნდი, გულის ფეთქვა რომ ვეღარ დავძარი. სადღაც, შორი მთის, წვიმდა გადაღმა. მზეებს მიჰქონდათ ნისლის დაისი. ქუჩას არწევდა ნაზი საღამო, როგორც ვარდის სუნს არწევს მაისი. მე კი, ვიდექი მიღმა ნისლების. ფიქრს და იარას ვგრძნობდი უარესს. /ზოგჯერ, ტკივილით ზეცა იხსნება.. ზოგჯერ, ტკივილით ზეცა მდუმარებს/.. თვალებს შემორჩა ცრემლის თილისმა. ფოთლების კვდომას ლექსად ვამბობდი. მშვენიერი ხარ, როგორც წვიმის ხმა. როგორც ქარების ზღვასთან ამბორი. ბასრია, როგორც კლდეთა ფერდობი დარდი და ცა კრთის სიღრმეში მზერის. ირაოს კრავენ ფიქრის ორბები, ჩაფიქრებაა მთებსაც რომ შვენის. შემოდგომის ნისლს ფანტავს ქარები.. ძველი თბილისი, ისევ, სარკმლიდან. როგორ გითხრა, რომ არ მეყვარები, აქ ხარ და მაინც ისე, მაკლიხარ, როგორც ბეღურებს სუნთქვა ზაფხულის, როგორც გამხმარ ხეს მწვანე ფოთლები.. სადღაც, დარაბა ჩუმად დახურეს. სადღაც, ლოცვისთვის სანთელს ანთებენ. მე კი, ვუყურებ ნოტებად წერენ ფოთლები "ყანჩელს". არც ის ძველდება. ამდენი წლის და ტკივილის მერე პირველად ვნახე, თითქოს, ეგ მზერა.. მ.ზ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი