მეტი არც არაფერია პოეზია
როდესაც ორ ადამინს ერთად ყოფნა, სიყვარულის გამო უნდა, ეს ცხოვრებაა.. როდესაც ხელოვნების სიყვარულის გამო - პოეზია. ისეთებიც არსებობენ, მხოლოდ პოეზიისთვის რომ ცხოვრობენ. ისეთებიც - ცხოვრება რომ პოეზიად აქციეს.. რამსიღრმეა მათი დარდი?! როგორ იზომება მათი ტკივილების სიხშირე?! უკვდავების წყაროსავითაა წერა მათთვის.. პეშვით დალევენ და მარადიულობის წყვდიადში შეაბიჯებენ.. მხოლოდ ლამაზი სიტყვები კი არა, სამყაროს ყველა განზომილების მისტიკა უნდა ეღვრებოდეთ თვალებიდან.. ხავსმოდებული თითო ბწკარი უნდა ყვავილობდეს მათ ბაგეებზე.. იზრდებოდეს და იფურჩქნებოდეს. თქვენ, ვინც სიზმრებს წყალს ატანთ.. დარდებს - ლექსებს. მონეტებს - ზღვებს. და ყველაზე დიდ სიყვარულს - მატარებლებს.. როგორ ისწავლეთ ამსიმძიმე დუმილი?! როგორ კითხულობთ ადამიანის სულს თვალებიდან და როგორ უძლებთ, სისხლში აყვავებული ყაყაჩოების მომწამვლელ სიწითლეს კაპილარებში?! როგორი იდუმალები ხართ.. როგორი უჩინარები.. და როგორ გამაყრუებლად ხმაურობენ თქვენი არიდებული თვალები. როგორ წურავთ შუაღამისას ლექსის მტევნებს და როგორ გათრობთ, თქვენივე გამოწურული პოეზიის წვენი შეხებისას?! როგორ ისწავლეთ ორ სამყაროში ცხოვრება და მკვდრების ენა?! არ შეიძლება ყველა ამბავი იყოს პოეზია. არ შეიძლბა თვალები დაიბრმავო და მხოლოდ ლექსებიდან იყურებოდე.! ვერასდროს გახდები თევზი, რომელიც გალობს.. ვერც ფრინველი, რომელმაც ცურვა ისწავლა. ზოგჯერ ხდება, რომ მხოლოდ თვალების დახუჭვა შეგიძლია და ყველაზე დიდი სიყვარული.. ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანებს შიგნიდან ხედავ და გიხარია, როცა მზეს პოულობ სულში ანთებულს. მეტი არც არაფერია ცხოვრება. მეტი არც არაფერია პოეზია..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი