და სულ იწვიმებს
გაზაფხულის მოსვლა რომ იგრძნო, გული უნდა გქონდეს ღია, როგორც ზამთრით დაღლილ თუთიყუშს გალია. რომელიც მთელი ზამთარი, მხოლოდ იმისთვის გალობდა, რომ სახლი გაეთბო. ფრთის გაწვდენაზეც არ გადადგამდა ნაბიჯს. იჯდა და მღეროდა. ზოგჯერ ზამთრებზე. ზოგჯერ დაღლებზე და შენ?! მერამდენე გამოზამთრება ამოიმღერე გახუნებული მინორებით?! მერამდენე დაღლა ამოქარგე გამონაბოლქვისგან ალესილ ფანჯრის მინებზე?! ფანჯრების გაპრიალება არაფერს შველის, თვალები თუ არ გაახილე ფართოდ და ყველა სიმართლე მახვილი კუთხით არ შეიგრძენი. როგორ ახერხებ ყველა საშინელი ამბავი ასე მიიზიდო, მძაფრად, როგორც გაზაფხულის ყვავილმა ბასრი ფუტკრები?! გამოკვებო შენი ტკბილი წვენით და თვითონ დარჩე გულში ნაიარევით, ცარიელი. გამოფიტული. როგორ გაბედე და სული თვალებში აირეკლე?! არცერთ სიმართლეს არ გაპატიებენ. დამალე. ყელში ჩაიბრუნე. ყელთან ჩაიგუბე.. როგორც ცრემლების ბურთი. თუნდაც ჩაყლაპე. . ეს ცხოვრება არ არის შენნაირების. ეს ცხოვრება მათია, ვინც ლამაზად საუბარი ისწავლა. ვინც არასდროს დაიღალა. შენ რა იცი.. შენ რა გესმის.. ლამაზად დუმილი არ არის ცხოვრება. ლამაზად დუმილი ხელოვნებაა. სიტყვებიც ყელში ჩაიბრუნე.. დაალბე ცრემლის სიმლაშით. გააღვივე. ოდესმე ლექსებად გამოგიფრინდებიან. ოდესმე სულსაც ამოაყილებ. თითო ლექსი ხომ თითო ყლუპი სიკვდილია შენი სულისა . შენ უნდა დუმდე უნდა დუმდე დაუსრულებლად და როცა შორი ჰორიზონტი დანისლულია, ყველა ოცნება ლექსში მოკვდეს აუსრულებლად!! გაზაფხულია, ღმერთსაც გული აუჩუყდება. და სულ იწვიმებს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი