ხომ ისეთი ხარ
მოუთოვია, შენს საფლავზე, წუხელ თურმე, მა.. /მე ლექსის წერა დამაძალეს თეთრმა ფურცლებმა/. ისევ მათ ვანდობ გულის ნადებს, შენთან მომაქვს ვერ, და ამ ლექსებმა ნახევარი გული მომაჭრეს.. სისხლი არ წვეთავს, ცრემლი გაშრა, თოვლსაც არ ველი.. დაგმანული მაქვს სინათლისგან ყველა სარკმელი. შენთან მოსული ცის თოვლია სევდის ნამქერი. ალბათ, ბედობას, ჩვენზე დარდით ისევ დათვერი.. მერე დაიწყე ჩუმად ლოცვა- ჩემთვის, გიოსთვის და ლოცვასავით ციდან თოვლად ჩამოდიოდი.. როცა წახვედი, თოვლი იყო მთაში. ბარდნიდა.. მე ზავი დავდე, იმ უმწარეს, ცისფერ აპრილთან.. რომ როცა მოთოვს, თბილი იყოს თოვლი, საამო და შენი მიწა თოვლის მშვიდმა სუნთქვამ გაათბოს. თორემ დარდი მაქვს, შენზე დარდი, გულზე მაქვს ლოდად.. ხომ ისეთი ხარ, კარგად მყოფი, როგორც მახსოვხარ?! ხომ ისეთი ხარ, ნათელი მზით, ცისფერ თვალებში?! ბევრი ვეცადე, რომ ის მძიმე ფიქრი გამეშვა, სადაც გვტკიოდა, ვერ ვუძლებდით, სადაც ხრავდა ძვლებს შენი სენი და სულს აკრავდა ტანჯვის არტახებს.. ხომ ისეთი ხარ, ბავშვობიდან მახსოვს როგორაც?! ხელისგულებით ჩემთვის თეთრი მზე, რომ მოგქონდა.. ხომ ისეთი ხარ, მე და დედას როგორც გვინდოდა, თოვლისფერ ვარდებს, რომ გვიკრეფდი ღმერთის მინდორთან?! ჰო, ისეთი ხარ. ისეთი ხარ. მე გხედავ უკეთ.. როცა შენს სულს და შენს სამყოფელს საკმეველს ვუკმევ.. მე მესმის შენი სულის სუნი. შენი აქ ყოფნა.. და უფრო კარგად, უფრო ნათლად, მძაფრად მახსოვხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი