ქარიანი ლექსი


ამბავი მიამბე ავდრიანი.
ლექსი -
შავფერიან-დარდიანი,
როცა მტერს იარას ვბანდე..

ჩემი თეთრი თოვლი, თოლიების,
შავი ზღვის მოთეთრო თოლიების
ლამაზ ფრთებზე უნდა დადნეს.

შენი ქალები ქარიანი..
შენი ელენე დარიანი.
შენი ავდარი და დარი.

მთანი ნისლიან-ნამიანი.
დარდიც ამ მთებით დამიამე.
მხოლოდ ქარიშხლებით მგავდი.

ფიქრებმა ნისლად ჩაიარეს.
ვაგონებივით ჩაიარეს,
/როგორ ვაცილებდი მახსოვს/.

ბედი ბედისწერას არ მივანდე.
დარდი გავატანე სანიაღვრე.
ახლა, მეცხრე ცაზე ვსახლობ..

როცა შეხვდებიან მუშთარ, ზუალ
მე იმ საუკუნეს შენთან მოვალ.
სადმე, ჩამოვჯდები ახლოს..

და იყოს მზეების დაბნელება.
ისე მოგენატროს აპრილები,
ხელი ვერასოდეს ახლო -

ჩემი სიყვარულის აპოკალიფსს.
მერე, მეცხრე ცაზე გადმოსახლდე.
გეგონოს სამყაროს შესწვდი.

მე კი, გაგახსენებ, როგორ მგავდი..
როგორ გამიჩინე ხმაში დარდი.
ისევ დაგანახებ ეკლიფსს.

გაგიჩუმდები და მე მოგისმენ,
როცა დგას მარიამობს თვე,
იმ ბასრ იარებზე შენც თქვი-

როგორ მტკიოდა და მეშინოდა.
მთელი ოკეანე უშენობა,
როგორ ამოვავსე ლექსით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი