წეროებო მიტირეთ
“წეროებო მიტირეთ” მეცამეტე დღეა, სიზმრებს ვამზეურებ და ციდან ქატო კი არა და ფქვილი კი არა და ჭირი ცრის. ნამზეურებ სიზმრებს, მკვდრების მზეებივით, დასცვივდათ წაღმა ნაცხოვრები. (ახლა ღვისმშობელი თმას იჭრის). წუხელ პაპაჩემი, მკვდარი პაპაჩემი მესიზმრა. (ლექსებს მიკითხავდა, ალბათ ახსოვდა, რომ მეც მიყვარს). ასე, ლექსის კითხვით შენისლული ტყისკენ მივყავდი. გზა კი, არსად ჩანდა. თვითონ მიხატავდა ბილიკებს. ხნულებს ავლებდა და ამბებს მიწის გულში ამყნობდა. ხელებს მიკაწრავდა ავსულებით სავსე ცივი ტყე და ხმა არ ისმოდა ჭიშკარჩარაზული საყდრიდან. კვამლი ასდიოდა ცისფერ სასახლეთა სარდაფებს. “ღმერთი ატირდაო.” “აღარ იცინისო.”- ასე თქვეს. და მეც წყლიან თვალებს წამწამების ნემსებს ვაფარებ. ვიდრე ამინდები წმინდა ესტატესაც დასეტყვავს. ჩემი სახლის კარზე ვერცხლის ნალია და ნალის ქვეშ მზესუმზირის ზეთით ჯვარი გამოვსახე- “ოსანა”. თუკი ეს სამყარო ტკივილების სეტყვას დაგიშენს. სითბოს ნუ მოაკლებ სულში აყვავებულ შროშანებს. როცა ქარით ტყდება თხელი ხერხემალი- სიმყარე. შენი არსებობის წუთებს მონდომებით ყლაპავენ. ნუ გამიფრინდებით თოვლის წეროებო, მიმღერეთ. ფრთები მომაფარეთ, თოვლის სიმშვიდეში დამმალეთ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი