..წყალი რომ იყო..
წყალი რომ იყო სუფთა, ანკარა, მოგიყვებოდი ყველა სიზმარს, რასაც წყალს ვატან. იყო უფალი იესო, ან იყო თვით ღმერთი. შევინახავდი აღსარებას, სათქმელად შენთვის.. მოგიყვებოდი ყველა ტკივილს, რაც შენ მასწავლე და გაჩუქებდი ცხრაკლიტულის ცხრავე გასაღებს. რაც მიგიყვანდა ოცნებების ნათელ კოცონთან. მერე იგრძნობდი, შენი ყოფნაც როგორ მომწონდა ჩემს თვალებში და როგორ მწყინდა ყველა სიჩუმე, როცა ანკარა წყაროს წყალი შენ ჩაიგუბე, რომელსაც სიზმრებს თუ ვატანდი, კვლავ ცხადდებოდა.. როცა ის ღმერთიც მიეფარა თვალს სამზეოდან, შენ რომ გამსგავსე და ღმერთები გამინაწყენდნენ.. ლოცვა ვისწავლე. ლოცვა-ლოცვით გზები დავწყევლე.. ცებიც დავწყევლე. ხმელეთიც და ცხრა მთა. ცხრა წყაროც. ახლა ვზივარ და ლექსში ნედლი რითმით ვთამაშობ. მერე ნატიფი ლექსებიდან ქარი ამომყავს.. ცეცხლი ამომყავს და ვადუღებ ფიქრის სამოვარს.. სულიც ამომაქვს, რომ ვასწავლო ფრენა ქარივით. ქარის ღმერთი ვარ, ბორეასი, თვითონ დავირქვი.. ჩემი ლექსებიც ქარიანი, ცივი, სუსხს აფრქვევს. და ნაზ ღიმილებს ბასრი მზერის ეკალს უთავსებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
1 კომენტარი
❤️