წერე მითები
ამოიკემსე ჯერ ორივე თვალი სიფრთხილით, შემდეგ ნელ-ნელა პირი, ყური- ერთი, მეორე. შებრუნდი შენში, დაისიზმრე ლურჯი ნიმფები. წერე. მითები, ტყის ზღაპრები გამოიგონე. გაიმეორე ჩურჩულებით, ლოცვად, უსიტყვოდ, ტკბილი ამბების ჩამომხმარი იკებანები. დაგიბრუნდება შენი სულის მშვიდი მუსიკა, გარე სამყაროს სიმძიმისგან განიბანები. თორემ ვერ გშველის რა ხანია ბახი, შოპენი. მტვერი მოედო უკვე ბორხეს, კამიუს, ჰესეს. გულის ნადები მისხალ-მისხალ როცა მოყევი, სევდის პოეტო, რა მოიმკე სიმართლის თესვით?! ღიმილს ნურასდროს შეიმოსავ ღელვის ღარებით, ამონაკემსი დუმილიდან შვება იგრძენი. ლექსი უვიცი მკითხველით თუ შეიბღალება, იქვე მალმოდ მოედება ბრძენი მკითხველი, სულს და სტრიქონებს, ნაიარევს, ნატკენს, ნაისრევს მოჰყვება სულში მოყვავილე საკურა, თეთრი. ჩამოიტოვებ არაფრისმთქმელ, უგრძნობ მაისებს.. ღამეებს- უხმო შიშებით რომ აყურადებდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი