... (ემიგრანტის წერილი 2017)


მწერ, რომ დღეს ისევ ჩამოთოვა ცისფრად ალპებში.
მე გწერ - აპრილის მზე ახურავს ქარიან თბილისს.
მწერ - აქ სუსხია, სიცივეა, რაც შენ წახვედი.
მე მაგონდება ბურჟეს ტბა და ტბა - სარკე ნისლის.
ბინდით ნაფიქრი,
ცის ნამსხვრევი - წვიმა ექსლებნის.
კაფე -"მოხიტო", სანაპირო, თეთრი ნავები.
ფესვმოტეხილი ხეებივით მყარად ვერ ვძლებდით
და ვთრთოდით ქარის უმნიშვნელო შეხმიანებით.
მწერ, რომ დაიწყო ღელვა ბურჟემ, უჩემოდ ღლიან
ჩემს ფანჯარასთან ქვაფენილს და ქუჩას წვიმები.
აქ კი, დაღალეს შეჩვეული, მსუყეთოვლიან
სივრცეს შეზრდილი, მარტოობა გადაბირებით.
ჰო.. აქ ისეა ყველაფერი, როგორც წლების წინ..
მაგრამ საშენო სიმყუდროვეს ვერ ნახავ ქვეყნად.
თუ ხარ ცხოვრების გაკვეთილის სუსტი შეგირდი,
არ გაიკვირვო, უადგილოდ დაგტოვოს ბედმა.
დიდი რისკია დაბრუნება, ერთხელ თუ წახვალ.
თუ დაბრუნდები გადარჩენის ნუ გაქვს იმედი.
უმომავლო და განწირული ისე უყვარხარ
სამშობლოს,
გტოვებს მინებს მიღმა თეთრი ბილეთით.

მწერ - გადაგღალა სიშორემ და სხვათა მონობამ.
გწერ - დამღლელია სამშობლოში უსამშობლობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი