მიწისფერი


დასრულებული ტრაგედიები თვალებში იმარხებიან.
თვალები ყვებიან ყველაზე გრძელ, ტრაგიკულ ისტორიებს.
სასაფლაოა მიწის მომნუსხველი მისტერია
და სისხლი ჟონავს მოწყვეტილი ქრიზანთემიდან.

ახლა რომ მკითხო, თუ როგორ ვარ, გიპასუხებდი - 
როგორც მოხუცი უასაკო, მიბარებული
თავშესაფარში სადაც მუდამ მთვარის შუქს უცდის
რომ მოიხუროს საწვიმარი და შუაღამეს 
დაადგეს ბილიკს იმ იმედით, რომ იქნებ სადმე
შემთხვევით და მოულოდნელად მორჩეს მისი გზა,
დასრულდეს ან 
უბრალოდ გაწყდეს.

ახლა რომ მკითხო, თუ როგორ ვარ, გიპასუხებდი -
როგორც ის ქალი, ქმარი ახალ სახლს რომ უშენებს,
მასზე ადრე კი სულ სხვა ქალი იწყებს ცხოვრებას
და ჭერი როგორც დაქცეული ზეცის საყრდენი
ახდილი ხვდება.

გაგიკვირდება, მაგრამ ახლა 
ახლა რომ მკითხო -
როგორ ვარ - გეტყვი, როგორც ბავშვი ბებოს ეზოში,
ფოსტალიონის ფეხის ხმაზე გარეთ რომ გარბის,
ღობეზე მიკრულ საფოსტო ყუთს შესციცინებს და 
მისთვის განკუთვნილ, არარსებულ სიხარულს ეძებს.

ასე თანდათან, სტრიქონ-სტრიქონ ვპატარავდები,
ვიშლები, ფანქრით დაწერლი მკრთალი აზრივით.
წლებო, ოქტომბრის ფოთლებივით სწრაფად დამცვივდით
და ვარსკვლავთცვენას შეატოვეთ მტვერი თანმდევი.

წყალს ჩავიგუბებ მზერაში და დავწერ სიჩუმეს.
ვიყუჩებ ისევ გულისნადებს, დუმილს ვასწავლი.
ახლა ვარ მგზავრი სხვა გზების, თან უმისამართო.
ცხოვრება მაინც არარსებულ ამბად მიგონებს.
.
დასრულებული ტრაგედიები თვალებში იმარხებიან.
მიწისფერია ჩემი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი