ნილ! (2)


ნილ, კვლავ ფოთლები შემოადნა აგვისტოს ხვატში

ივლისს და ზეცამ მოიშორა მკაცრი იერი.

სენტ-ეგზიუპერის ცივ ბაქანზე არ წვიმდა მაშინ 

და დაბრუნების უეცარი სუნი ვიგრძენი.

ფრენაც ისეთი მშვიდი იყო, არაფრისმთქმელი,

არც გულისცემა ამოსულა ყელთან ჩვეულად.

თითქოს ყინულის ქანდაკებად გადავიქეცი,

და ყველა განცდას უგრძნობლობის წყალი შეუდგა.

არც მიწა ვკოცნე, 

არც ცას შევწვდი 

და არც ეს მთები

აღმოჩნდა ისე მშობლიური, როგორც მეგონა.

იქ სასაუბროდ ლამპიონებს თუ დავეძებდი,

აქ დღემდე ვეძებ სანუგეშოდ ერთგულ მეგობარს.

ნილ, აქ ხალხს თურმე ხმელი პურიც ენატრებოდა.

დამპალს ვინ ჩივის, ზოგს კედლები სულ არ ჰქონია

და სამშობლოში დაბრუნება ხსნა რომ მეგონა,

აღმოჩნდა ერთი უსასრულო მელანქოლია.

ყოველ ნაბიჯზე გადავაწყდი გამოწვდილ ხელს და

ცხოვრება მოკლულ ბავშვის თვალებს, ეულ ნაოჭებს.

იქ თუ იმედად ერთგულების შეგრძნება მდევდა,

აქ ღალატის და ორპირობის სენი მაოცებს.

ნილ, მე რას გეტყვი ახალსა და შენთვის არ ნახულს,

აქ შრომაც, ასე, ორ კაპიკად შეგიფასდება.

დავდივარ, ვეძებ თეთრ გოგონას ტბასთან დამარხულს,

მოურჩენელი უთქმელობის სევდა დამჩემდა.

თითქოს დავუთმე ჩემი თავი სხვებს სამართავად,

მე სადღაც შორს ვარ და ვერ ვწვდები ჩვეულ პრინციპებს.

სამშობლოს ზეცამ მძიმე დარდი გადამაფარა,

ამ უმწეობას სადაცაა ღმერთი იცინებს.

ნილ, რა მოგწერო, სხვა რა გითხრა, შენ შენი გიჭირს.

მე ძველებურად არც ძალა მაქვს, აღარც სურვილი

გადარჩენის და ყველა იმედს კანიდან ვიჭრი,

ვდგავარ არ ყოფნის, გამჭვირვალე, თხელი მუნდირით.

ნილ, ეს ლექსებიც კვლავ მაგონებს ანტიდეპრესანტს,

როდესაც მწერენ მშველიან და როცა ვეღარ ვწერ,

ვგრძნობ, როგორ მცვივა თვალებიდან ყველა შეგრძნება

და ვემსგავსები უყვავილო სივრცის მებაღეს.

ნილ, დამიჯერე,

ნილ, მომენდე,

ნილ, მომისმინე.

ერთხელ თუ წახვალ ჩათვალე რომ გარდაიცვალე..

გაქცევა, როგორც (ქრონიკული) სულის სიმსივნე,

დაგაავადებს, ვერცევრთ მხარეს ცოცხლად ვერ გაძლებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი