ბებიას
როგორი გოგოები ვყოფილვართ მე და შენ.. როგორი ერთნაირსახელიანები. როგორი ერთნაირგულდარდიანები. როგორი ერთნაირქვისგულიანები. გაიციე თვალ-გული, წამოწექი ძველი ოდის ფართე ოთახში და დაიკრიფე სანთელივით ხელები გულზე. ერთხელ არ გადმომხედე მაღალ-მაღალი, სამზითვო ფარდაგგადაფარებული ტახტიდან სიმშვიდეაფარებულმა. მე რას მომატყუებ... მე რას გამომაპარებ... მე ხომ ვიცი... ყინვამიკრულ ანფასებს მიღმა რა გავარვარებულ დარდს იბრუნებ ყელში, იმ კვნესასავით რომ არ გამოექცეს ბაგეებს, ღამ-ღამობით ტკივილებს რომ აყოლებდი. იმ მოგუდული კვნესასავით, თეთრი ხელების ლურჯ კაპილარებში რომ გამოამწყვდიე და ცივი წამლის სუნს ამოაფარე. მე რას გამომაპარებ... შენი გამკივანი სიჩუმიდან მესმის მძიმედდარდიანი გულის გოდება. დაიკრიფე გულხელი და ობლად დამიტოვე ცადთვალებაზიდული, ცრემლიანი მამაჩემი. საწოლს მიჯაჭვული ჩვილივით პაპაჩემი. შელოცვასავით მობუტბუტე მოტირალები: "შენ მოგმატებოდეს მისი დანაკლისი დღეები. შენ იდღეგრძელეო." - შემომისხდნენ და იბუტბუტეს. შემომისხდნენ და ივიშვიშეს. სულ მუხლის ჩოქებით ვკრიფე მიწიდან უშენო შენი დღეები. მიწადაკაწრული თითებით სათითაოდ შემოვიშენე. გავდიდდი და გავდღეგრძელდი. მოვიხურე შენი ლურჯყვავილებიანი ჩითის ხალათი და დედასავით ვუარე ობოლ მამაჩემსა და ჩვილ პაპაჩემს. შენით სავსე სიზმრები ვასვი და უშენობით გაჟღენთილი ღამეებით ვაპურე... დღემანკიან ობოლ ქალზე, სანთელივით წმინდად მდუმარე ქალზე- სულ ლამაზ-ლამაზ ზღაპრებს ვუამბობდი. ვერ გავზარდე პაპაჩემი. ილეოდა და პატარავდებოდა. ვერ გავათბე. აბა ჩემი პატარა მკლავები როგორ ეყოფოდა ასეთ სიცივეს. ჩავიწვინე კალთაში და სიკვდილივით მშვიდი იავნანა ვუმღერე. როგორი გოგოები ვყოფილვართ მე და შენ. როგორი ერთნაირგულდარდიანები. შენი წილი ძაძები ჩავიცვი. შენი ნახშირის უთოთი ვაუთოვე და ვათბე პაპაჩემის სავალი ცივი გზა. მივუჯექი თავთან და სულ შენი ხმით დავიტირე. თითებით ამოვკაწრე მიწიდან მისი ნარჩენი დღეები და უფრო გავდღეგრძელდი. ხელისგულებზე ვზრდიდი უთქვენსახოდ ლოყააწითლებულ ჩვენი ეზოს ბროწეულებს. ცამდე ნაყვავილარ თმაჭაღარა ნუშებს. ამიცივდა. შემიცივდნენ. ფოთოლ-ფოთოლ ავიკაფე ხორცებიდან. ვუღალატე. დავუტოვე ორმაგად ნაობლარ მამაჩემს დეკემბრის თვალწკრიალა თეთრი თოვლი და გავფრინდი. დავტოვე ცადთვალებაზიდული ცრემლიანი ცივ თოვაში. მესამედ დავაობლე. როგორი ერთნაირი გოგოები ვყოფილვართ მე და შენ. როგორი ერთნაირქვისგულიანები. . . . უნდა მივბრუნდე... თქვენი წილი და ჩემი წილი დღეები სულ მას უნდა მივუტანო. უნდა მოვუარო. უნდა გავზარდო. არ უნდა დაპატარავდეს... უნდა მივბრუნდე(!) თვალები დაეღალა მამაჩემს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი