ბებიას (2)


დღეს ეს ქალაქიც რუხი არის, ბებო.
 სევდა სჭირს
არა ზაფხულის შესაფერი, ავდრისმაგვარი.
ბევრი ვეცადე, სენტიმენტებს მაინც ვერ ავცდი
და შემოდგომის დღეებივით დავპატარავდი.
უჰაერობის ვაკუუმში ქარმა გაჟონა.
გულს კი..
გულს თითო ამოსუნთქვა ექცა სიმძიმედ.
წუხელ სიზმარში ხელს მიქნევდა, ბებო, ბავშვობა.
სამწუხაროა, კეთილ ამბებს ვეღარ ვისიზმრებ.
ესეც არ იყოს, მესიზმრება შენი განჯინა,
ფერადი ჩითის კაბები და ჭრელი ფარდაგი.
შენი დაკრძალვა -
მიწის მცირე გოჯს რომ დასჯერდი.
ჩაესვენე და სევდასავით უხმოდ გაქვავდი.
ვეღარ ვისიზმრებ -
 როგორ მზრდიდი, როგორ ზრუნავდი..
კაბის კალთაზე არ გიშვებდი ხელებს, ხომ გახსოვს.
ახლა კი შენი მაყვლისა და კაკლის მურაბის
ფერებად ლამის სიცოცხლის ცა ერთხმად მოვხატო.
შენი მტრედები - სასთუმალთან რომ მახვედრებდი,
მერე კისკისით აივნიდან ცაში ვუშვებდით.
სად გაქრნენ, ბებო.
ან ვინ მოხსნა სულს სახვევები
მოტეხილ ფრთებზე,
ვინ უსურვა ვერმოშუშება.
რამდენჯერ ფეხი დამიცდა და ვერ დამიჭირა
უშენო შენმა კაბის კალთამ..
 გატყდა გიშერი.
შიშებით სავსე მზერის მოშლა დღეს საეჭვოა,
მაგრამ შენ მაინც შემილოცე, ბებო..
 შიშებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი