... (ქარის მოტანილს ქარი წაიღებს)


ქარის მოტანილს ქარი წაიღებს'' -
არც მოინატრო..
შხამი არ მოსდევს
ვერცხლის კოვზით ნაჭამ სიმართლეს.

ყველა გზა ყავის ნალექად რომ გადმოიღვაროს,
მიმართულებებს ვერ შეუცვლის ჯადოქრის თითი.

სანამ დაწერდე ბედისწერა დააბინავე,
მაღალი შუბლის ცალხაზიან ფიქრის ნაოჭში.

ღრმად მისტიური ისტერიის დაგქონდეს მითი.
ღიმილი სევდის გასაყართან იყოს საეჭვო..

ფრთხილად დაწერე ცხოვრება და ეპიტაფიებს
სამარისებრი სიმშვიდიდან სული ჩაჰბერე.

შეცოდებანი სამყაროსგან ნაპატიები,
ჯერ არნაცხოვრებ სიცოცხლესაც დაგიამებენ.

ღმერთსაც შეუნდე ვერშესმენა, ყველა არმოსვლა.
ღმერთმაც შეგინდოს არშესმენა, ყველა ვერმისვლა.

სამყაროს შენი დაბადება როცა წამოსცდა,
არ შეეცადა გაეგონა,
ეგრძნო, ფიქრის ხმა..

შენი ფიქრის ხმა - დამტვერილი სევდის ფალცეტი,
დარდით ნაფიქრის ცად შეზრდილი სტალაგმიტები.

ლექსები - უხმოდ ნაცხოვრების მკვეთრი აქცენტი
და რეალობის უეცარი გადაფიქრება..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი