განწირულთა


შვილმკვდარი დედების ნაღველი -
მოედო ნისლი მთებს.
ხეები მარადი დუმილით 
გლოვობენ ხმელ ფოთლებს.
ვერ ჰპოვებ სიმშვიდეს, 
ამ მხარეს 
საშველსაც ვერ ჰპოვებ..
ქარია ვერაგი,
სარკმელთან უღმერთოდ სისინებს.

სიზმარი მიამბობს, 
რომ ობლად დარჩენილ ბროწეულს
ბავშვობის ეზოში ქარით დასკდომია სიმწიფე..
იცინე, შვილმკვდარო, 
ღმერთმკვდარო, იცინე... იცინე...
ყოველთვის ცხოვრების დარწეულ 
აკვანში იზრდება სიზიფე.
სიცოცხლე ქარების დევნაა,
ტკივილი - საგზალი.
თითქოს პაპაჩემი მეძახდა.
თითქოს მთელი ქვეყნის დამზრალი
ბალახი მოეთიბოს ცხონებულს.
რომ მერე დეკემბრის თოვა და
ყინული ამაყად მოედოს.

სუსხი და თოვაა დღეს სულში
დამშრალი ჭა თოვლით დანაყრდა.
სიცოცხლის მოსჯილი ფერხული
დაჭიმულ ნერვებად დამაწყდა.

უნიჭო მეზღაპრე ვყოფილვარ..
ნატვრის ხე მითია, ელიოზ.
თუ გინდა ვეძებოთ, მოგვყინავს
ქარები, 
იქ სადაც მღერიან.
იქ სადაც თოვლიან ხეებზე
ქარები მღერიან, ელიოზ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი