უხმო
ჩვენ დავიბადეთ სამყაროში, რომელიც არ გვგავს და არარსებულ მუსიკაზე დავიწყეთ ცეკვა. სხვისი ცხოვრება ჩავიცვით და ძალიან ადრე მოგვიხდა გვეგრძნო, როგორ სტკივა ამოთხრილ ნარგავს ნედლი ფესვები. ვერ ვიკეტებით, ჩვენ საკუთარ კედლებში. ვკეტავთ მხოლოდ სურვილებს, ოცნებებს და მღელვარე ტალღებს როგორც ვერაფერს დააკლებდა უტეხი სეტყვა, ისე ცხოვრება უცხო სულებს ვერაფერს გვავნებს - ვიგონებთ ამბებს.. ვწერთ, წავშლით და მერე ისევ ვწერთ, როგორც სატრფოსთვის ვერ გაგზავნილ წერილის დასტებს. წარმოსახვითი არსებობის ნუგეშს ვიწებებთ სულზე, რომელიც ტკბილია და ვერაფრით დავთმეთ. გადამდები ვართ სიმშვიდეზე, როგორც მეწყერი დღეებს დღეებზე ვაავადებთ, ვფიქრობთ, ვამძიმებთ. ვმღერით ძვირფასი სიზმრებიდან ნებით შეწყვეტილ ღიმილს, რომელიც ნიღბად შვენის ლხინის სამძიმრებს. დავკარგეთ გარსი, გავიცრიცეთ, აღარ ვჩანვართ და არ ისმის ჩვენში არეკლილი უცხო მუსიკა. როგორც დაშვებულ ფარდებს მიღმა ვიოლონჩელო გადავიწყებას მივეცემით უხმოდ, უსიტყვოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი