თოვს


აქ თოვს.. მშვიდი აურა აქვს თოვას.
მიწა პეშვებს თეთრი ამბით ივსებს.
აქ თოვს.. თოვის შარშანდელი ხსოვნა
მიილია სხვათაშორის.. ისე..

ცა გვიამბობს ძველ ლეგენდას სუსხზე.
თოვლის ზღაპარს უდედოფლებს ღამე.
ნაოქტომბრალს ყინვის დუმილს ვისმენ,
ვკემსავ ქარზე გატანებულ ამბებს.

აქ თოვს.. და იმდენად არაფერი ხდება,
იდუმალი მცველი გავხდი სიზმრის.
კადრებს ისევ ჩემს გარეშე ვხედავ
და ხმაურში უჩემობა ისმის.

აქ თოვს.. იქ კი, ნასიზმრების ბოლოს -
სამყაროა გაბზარული სარკე.
სული სულის სიახლოვეს გლოვობს,
ვიღაც მჩუქნის სიკვდილისფერ კაბებს.

აქ თოვს.. ზანტად და თოვები თითქოს
ართოვებზე სულ ერთია ახლა.
თოვს და თოვლი გასული წლის სითბოს
დავიწყების თეთრ მინდვრებზე ქარგავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი