მზე წვიმდა


დღესაც და გუშინაც..
ქალაქში მზე წვიმდა.
სხეული ეწვოდათ ხეებს და ფოთლები
ტოტებზე ფერმკრთალი ქალივით ეწვინა,
რატომღაც მეგონა, შენც მკლავებს მომხვევდი.

ვიდექი სადღაც და ქუჩაში მზე ქროდა.
ალი ასდიოდა მომაკვდავ თარიღებს..
ცხოვრების ყოველი მორიგი შეცდომა-
მკაცრი მშობელივით მტუქსავს და მარიგებს.

მე, როგორც ზარმაცი მსმენელი, ზურგს ვაქცევ,
მომდევნო ტკივილში მდუმარედ შევდივარ.
ზამთარს და სიმშვიდეს იმდენხანს ვუცადე,
აგვისტოს ცხელი მზის თოვისას შემცივდა.
.
მზე წვიმს და
ზაფხულის მცხუნვარე დღეებს ცრის.
წლები კი, ღამეებს ფიქრებით აცხობენ..
ცხოვრებას შევეშვი,
გთხოვ, ზამთრის შევერცხლილ
ღამეთა უძველეს ამბავში მაცხოვრე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი