ცოდვების


იყო ელჭექი..
შიშნარევი ღრუბლის ხველება.
ქარმა გულიდან ფოთლებივით ხსოვნა გახვეტა
და მოკვეთილი დაასვენეს ჩემი ხელები,
დაუნთებელი სანთლებივით, ტაძრის კარებთან.

როცა ქარები უწმინდურთა რეკდნენ სამრეკლოს,
მე საგალობელს ვასრულებდი, ღმერთო, ეშმაკის.
ვერცხლზე გავცვალე ვისაც ვწამდი, ესეც არ მეყო,
სიცოცხლის ეტლი სისხლიანი ლექსით შევკაზმე.
ვნახე ღმერთების ჰოლთან სთველმდა შავი ლილიტი
და სევდიანად ასრულებდა ღამის არიას.
იქნებ ნუგეში ცოდვილ სულსაც სურდეს, ვინ იცის.
იქნებ ლექსები სინანულის დითირამბია.
.
ახლა მე ვზივარ და სიცილი მესმის ეშმაკის.
ქარმა ცხოვრება კედლებიდან მშვიდად ჩამოფშვნა.
თუ დაბადება მოგისაჯეს, ისიც შემთხვევით,
დაიბადე და ნუ იცხოვრებ, მერე რა მოხდა.
თუ უცხო გქვია სამყაროსთვის და თუ ბილიკი
მიდის ორწყალს და უფსკრულსშუა, ესეც "სე პა გღავ"..
იქნებ დიდი ხნის წინ წაგშალეს გზიდან, ვინ იცის
და ოცნებები გამოფიტულ კანზე შეგახმა.

მე არც დემონის სიახლოვეს ვნანობ, არც ღმერთის,
თუ არ ვიცხოვრე გამოდის რომ ვყვები ზმანებას.
ახლა მარტო ვარ.. ახლა არ მყავს გვერდით არცერთი.
რადგან დავტოვე, არ დამტოვა რადგან არცერთმა.

გარეთ ელჭექი..
შიშნარევი ღრუბლის ხველება.
ქარით გახვეტილ ხსოვნას ყვითელ ფოთლებად ვგლოვობ.
და მოკვეთილი ასვენია ჩემი ხელები,
ღამენათევი, უნუგეშო ლექსების ბოლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი