წითელი
გაჰყევი დაისს.. შებინდების მოქუფრულ ღრუბლებს.. დასავლეთით რომ გაიტაცა ქროლვამ ქარების. არ მოინატრო ლარნაკები ბროწეულის ხმელი ტოტებით, არ მოინატრო ეკლიანი ფიქრების ექო.! გაჰყევი ქარებს.. დახუჭული თვალებით.. უხმოდ. ხელისგულებზე დააძინე ცხელი მზეები, მიიძინებენ პლანეტებიც შენს თმებში, სულში, ამოისუნთქავ ოკეანის მღელვარე სინდრომს. ამოგისუნთქავს სამყარო და დარჩება შენში მიუწვდომელი, უხილავი.. ვერ იგრძნეს ის რაც, ის რაც დატოვე დამარხული, შეუცნობელი და რაც სხვებისთვის აღმოჩენის ტკივილად ღირდა. თუკი მანძილი სიძულვილთან რჩება ნაბიჯი, თუ მოგონებებს ბოთლით ატან შორეულ ტალღებს, გაჰყევი ქარებს, მზის ჩასვლამდე გაჰყევი ქარებს და სისხლიანი ცა გიამბობს ზღაპრებს ძილისწინ. არ მოინატრო სუნი მარტის, აპრილის.. დილა.. არ მოინატრო სარკეები, კედლები, განცდა. არ შეიძულო, ის რაც იყო, არ იყო თუნდაც, არ იარსება, იარსება, არ გყავდა - გყავდა. ნურც დაივიწყებ.. ქარებს ენდე, გაჰყევი ქარებს. შენი თითები, კანი, სუნთქვა მინებზე რჩება ანარეკლებად, ანაბეჭდად, ხსოვნად, ტკივილად შენი ფანჯრები იმეორებს სიჩუმის ნიშას.. დაიმახსოვრებს ლარნაკები ხმელ ტოტებს, ფიქრებს უშენო დილა ამოიყრის კვირტებს ალუბლის, როგორც ცივ კანზე დამყნობილი გაზაფხულები. გაჰყევი ქარებს.. მზის ჩასვლამდე გაჰყევი ქარებს, სიმშვიდის ქარებს.. წასვლის ქარებს.. არდაბრუნების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი