შიშების
სანამ ეშმაკი არ ისურვებს.. ან მთვარე თეთრად არ მიილევა, სანამ თვალებს არ გავახელთ_ დანასიზმრებ გემებს მიქცევებს არ გავაყოლებთ, თავს ვერ დავაღწევთ ერთმანეთის მომაკვდავ სულებს. გავიხსენებთ ხელისგულებზე თითებს და ღიმილს, როცა მხოლოდ გულუბრყვილო სიკეთე ვნახეთ, სიმეტრიულად ამოზრდილი ალვის ხეების მწიფე მერქანში. . . . . ხე უნდა დავრგო -მეთქი.. . იმდენხანს ვატარე ტირიფის ნერგი, სანამ ჩემში არ გაიდგა ფესვი. სანამ ერთი კაცის დარგული ხე არ ვნახე დედამისის საფლავზე. თითქოს ფესვებით დააბაო ქალი საფლავში.. თითქოს ქალმა შვილი გაიყოლა, ფეხებთან დაიმარხა. იმ კაცის თვალები მაშინებს. ცოცხალივით მიყურებს.. არ გესმის - მეთქი - ჩემი. ცოცხლებს არ ესმით, მკვდარი როგორ გამიგებ -მეთქი.. ღიმილი გამოუჩნდა. ვაზი უნდა დავრგო პაპების საფლავებზე.. ბებიებთან აკვნებს დავარწევ და თავშალს მოვაბამ სათითაოდ, ქარში რომ იშრიალ-იფრიალონ. საფლავები უნდა გავაცოცხლო. აღარავის შეეშინდება გაცოცხლებულ საფლავზე დამარხვის. სიკვდილზე რომ წერენ სიკვდილი კი არ უნდათ, ეშინიათ და ეჩვევიან. ცხოვრებაზე რომ წერენ ცხოვრების ეშინიათ. მე თუ შენზე ვწერდი შენი მონატრების მეშინოდა.. ახლა ყველაფერზე ვწერ. .. სახლი უნდა ავაშენო -მეთქი.. .. იმდენხანს ვაშენე ჰაერში ცხოვრებას შევეჩვიე. მიწაზე რა დამაბრუნებდა. სახლი კი არა სასახლე ვერ დამიტევდა. ... შვილი უნდა გავაჩინო -მეთქი. ... შემეშინდა.. ჩემს თავს წამართმევს, კარგად ყოფნას_ სიცოცხლეს მაიძულებს-მეთქი. ძალა არ მეყოფოდა. საკუთარი თავი ვიშვილე და ისე შევიყვარე სიყვარული აღარ დამრჩა. გადავიფარე სიცივე და მოკუნტულს ჩამეძინა. ემბრიონის პოზაში უყვართ ძილი, ვინც ზედმეტად გვიან - ზედმეტად ბევრჯერ დაიბადა. რა დამაძინებდა. ყველა კარი შემოხსნეს და ყველა მხირდან შემოვიდნენ. თავი მოვიმძინარე და ერთმანეთი დახოცეს.. ვერ შემწვდნენ - ერთმანეთი დაკბინეს. ადამიანები მხეცებს გვანან, თუ პასუხს გასცემ შენ შეგჭამენ, თუ დადუმდები - ერთმანეთს. მოსმენა ვიცოდი, ხელის შეშველება. არავის უსწავლებია ყველა ადამიანი განსხვავებულია, ინდივიდუალურად უნდა მიუდგეო, ზოჯერ ერთმანეთის არ ესმით, უნდა შეეშველოო - თვითონ მივხვდი და ხიდის ფორმა მივიღე. ხიდები სიმძიმეს ვერ უძლებენ და ტყდებიან. მერე საკუთარ ნამტვრევებს ეძებენ. ახლა გზა ჩემზე უფსკრულთან მიდის. ახლა ხმა ჩემი შიშებს საუბრობს და სხეულია ბუტაფორია. ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ საიდუმლოებებს ფარდა სიცოცხლის ბოლოს ეხდება. აი თურმე რატომ მუნჯდებიან სიკვდილის წინ ადამიანები..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი