ქოლგები


ქალაქში ქოლგები დადიან -
თეთრები.. 
შავები.. 
კოპლებით..
წვიმა კი ისეთი მლაშეა,
როგორც ცრემლიანი ლოყები.
მე - არა.. ამინდი ატირდა.
ზაფხული შემოსა სიცივემ.
შენგან დატოვებულ სატკივარს
ყალბი გულწრფელობით ვიცინი.

იმდენი სათქმელი დაგროვდა,
იმდენი დარდი და ვარამი.
ვგავარ ფაიფურის სარკოფაგს,
ვმარხავ გამოძერწილ ქარაგმებს.

დადიან ქალაქში ქოლგები,
კოპლებით.. 
თეთრები.. 
წითლები..
სიცოცხლეს იმდენად მოვბეზრდი,
სიკვდილის რეზერვად ვითვლები.
სული გამჭვირვალე - მთის ბროლის
მძიმეა.. მძიმე და მსხვრევადი.
ყოველთვის სხვის ომში ვიბრძოდი,
ყოველთვის სხვის სიზმრებს ვხედავდი.

ოცნებებს ვაგებდი ქვიშისგან,
ლექსებს და ნაკვალევს ვტოვებდი.
დღეს ჩუმად.. უკვალოდ მივდივარ.
ქალაქში დადიან ქოლგები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი